უკრაინაში დღეს დამოუკიდებლობის 30 წლისთავს აღნიშნავენ.
1991 წლის 24 აგვისტოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა აქტი უკრაინის დამოუკიდებლობის შესახებ.
კიევში სამხედრო აღლუმი ჩატარდა, რომელსაც უცხო ქვეყნების დელეგაციები ესწრებოდა.
საპატიო სტუმრებს შორის არის კონსტანტინოპოლისა და ახალი რომის მთავარეპისკოპოსი – მსოფლიო პატრიარქი ბართლომე; პოლონეთის პრეზიდენტი – ანჯეი დუდა; ლიეტუვის პრეზიდენტი – გიტას ნაუსედა; ესტონეთის პრეზიდენტი – კერსტი კალულაიდი; ლატვიის პრეზიდენტი – ეგილს ლევიტსი და ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი – სტევო პენდაროვსკი.
ასევე, აღლუმს ესწრება ჩეხეთის სენატის თავმჯდომარე – მილოშ ვისრჩილი და შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალური ასამბლეის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტი – ანდრეას აები.
სამხედრო აღლუმის დაწყებამდე, სიტყვით გამოსვლის დროს ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განკარგულებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვით ყოველი წლის 28 ივლისს ქვეყანაში უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღე აღინიშნება.
საღამოს კონსტიტუციის მოედანზე დაგეგმილია საოპერო მომღერლის, ანდრეა ბოჩელის კონცერტი. ასევე, კიდევ ერთ ლოკაციაზე გალა-კონცერტი ჩატარდება.
საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა იწყებს ყველაფრის დაბრუნების პროცესს, რაც ეკუთვნის ქვეყანას, მათ შორის, ისტორიულ და კულტურულ ღირებულებებს.
”ჩვენ დავიბრუნებთ არა მხოლოდ ჩვენიანებს, არამედ დავიბრუნებთ ჩვენსას. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ისტორიული და კულტურული ღირებულებები, რომლებიც მდებარეობს საზღვარგარეთ. ჩვენ არასოდეს არავის ვაჩუქებთ ჩვენი ისტორიის კენჭს, ჩვენ არ მივცემთ უფლებას ჩვენი ისტორიის ერთი გვერდის ოკუპირებისაც კი, ჩვენი მწერლების ანექსრების უფლებას არ მივცემთ, ჩვენი მეცნიერების, ჩვენი გმირების, რომლებმაც დაამარცხეს ნაციზმი”, – თქვა ზელენსკიმ.