ავღანეთს 12 ადამიანისგან შემდგარი საბჭო უხელმძღვანელებს, – ამის შესახებ Foreign Policy წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
მთავრობაში შევლენ “თალიბანის” წარმომადგენლები, კერძოდ, აბდულ ღანი ბარადარი და მულა იაქუბი. ასევე, “ჰაქანის ქსელის” ხელმძღვანელი – ხალილ ალ-რაჰმან ჰაქანი; ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი – ჰამიდ ყარზაი; შს მინისტრი – ჰანიფ ათმარი; ეროვნული თანხმობის საბჭოს ხელმძღვანელი – აბდულა აბდულა; “ავღანეთის ისლამური პარტიის” ლიდერი – გულბედინ ჰექმათიარი.
აღინიშნება, რომ ხუთი კანდიდატურის შეჯერებაა დარჩენილი.
მედიის წყაროს ინფორმაციით, მათ შორის არ იქნება ქვეყნიდან გაქცეული პრეზიდენტი – აშრაფ ღანი, ასევე, პოლიტიკოსები – აბდულ-რაშიდ დუსტუმი და მოჰამად ნურა.
Foreign Policy-ის წყაროს ინფორმაციით, “თალიბებს” არ სურთ ქვეყანაში პრეზიდენტის ან ერთპიროვნული მმართველის თანამდებობის აღდგენა. ამასთანავე, ახალ მინისტრთა კაბინეტში ისინი გეგმავენ ძველი მთავრობის წევრებისთვის მინისტრების პორტფელების შეთავაზებას.
ცოტა ხნის წინ ადგილობრივმა სააგენტომ – Pajhwok დაწერა, რომ “თალიბანმა” მთავრობის ფორმირება დაიწყო და უკვე რამდენიმე მინისტრი დანიშნა.
კერძოდ, დანიშნულია შს, ფინანსთა, განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლები; დაზვერვის ხელმძღვანელი; ასევე, დანიშნულია ქაბულის გუბერნატორი.