„გამოღვიძება” – აუდიო-ვიზუალური შოუ მუსიკოსთა პარკში

28 აგვისტოს, 21:00 საათზე, Black Sea Arena უმასპინძლებს აუდიო-ვიზუალურ შოუს – „გამოღვიძებას”.
ორგანიზატორების ინფორმაციით, „გამოღვიძება“ არის Black Sea Arena-ს შემოქმედებითი გუნდის მიერ შექმნილი საავტორო პროექტი, რომელიც ცდილობს, კითხვებზე – რა მოხდება, თუკი ერთ დღესაც გავიღვიძებთ და აღმოვაჩენთ, რომ ცხოვრების წესი, რომელსაც მივსდევდით, არასწორია? ვაღიარებთ სიმართლეს, თუ შევეცდებით, გავექცეთ მას? იქნებ ყველაფრის შეცვლა ჯერ კიდევ არ არის გვიან? – პასუხის პოვნაში დაეხმაროს ადამიანებს და უთხრას მათ, რომ ცვლილებები არასდროს არის გვიანი.
„პროექტი მოგვითხრობს ერთი მოგზაურის დიდი გამოღვიძების ამბავს, რომელიც გვააზრებინებს ჩვენს ცხოვრებაში ეკოლოგიის მნიშვნელობას. მულტიდისციპლინური აუდიო-ვიზუალური ოდისეა არა მხოლოდ ამ პროცესის დამკვირვებლად, არამედ მონაწილედაც გაქცევთ.
40-წუთიანი მუსიკალური ნაწარმოების დრამატურგიული ხაზი სიცოცხლის ციკლის დინამიკას გამოხატავს: აქ გვხვდება როგორც ჰარმონიული, ასევე დესტრუქციული ხაზიც, რომელიც იდეალურად ერწყმის პროექტის იდეას და შინაარსს. ემბიენთის, პროგრესივ როკის, ელექტრონულის მუსიკის და ფენტეზის ელემენტები ერთმანეთთან თანხვედრით ძალიან საინტერესო მუსიკალურ გამოცდილებას ქმნიან.
მულტიმედიური შოუს დებიუტი 28 აგვისტოს შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში გაიმართება. შოუში გამოყენებული მუსიკა ასევე შეიცავს მუსიკოსთა პარკში გაკეთებულ საველე ჩანაწერებს, ანუ პატარა მცენარეების და ხეების ბგერით სიგნალებს“, – აღნიშნულია  გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები