სოსო არჩვაძე: ხელისუფლების მიერ გატარებული შრომის ბაზრის და დასაქმების პოლიტიკა ქმნის იმის მყარ საფუძველს, რომ უახლოეს პერიოდში გაიზარდოს სამუშაო ადგილები და მკვეთრად შემცირდეს უმუშევრობის დონე

“საქართველომ ბოლო პერიოდში გაააქტიურა ეკონომიკური საქმიანობა, განსაკუთრებით, ბიზნესსექტორში, შეძლო ინდიკატორთა უმრავლესობის მიხედვით გადაელახა კრიზისამდელი, 2019 წლის დონე”, – ამის შესახებ ექსპერტი, სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული შრომის ბაზრის და დასაქმების პოლიტიკა, ეკონომიკის ხელშეწყობის პროგრამათა ერთობლიობა ქმნიან იმის მყარ საფუძველს, რომ უახლოეს პერიოდში გაიზარდოს სამუშაო ადგილები და მკვეთრად შემცირდეს უმუშევრობის დონე.

,,პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევებიდან ერთერთი მწვავე უმუშევრობის პრობლემაა, რომელიც, თავის მხრივ, სიღარიბის გამომწვევი ძირითადი მიზეზია. ეს პრობლემა საქართველოში არანაკლებ მწვავე და აქტუალურია, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში.

საქართველომ ბოლო პერიოდში გაააქტიურა ეკონომიკური საქმიანობა, განსაკუთრებით ბიზნესსექტორში, შეძლო ინდიკატორთა უმრავლესობის მიხედვით გადაელახა კრიზისამდელი, 2019 წლის დონე, მათ შორის 15 წელს გადაცილებული მოსახლეობისა და აქტიური მოსახლეობის რაოდენობით, თუმცა, ჯერ კიდევ ჩამორჩება პანდემიამდელ პერიოდს დასაქმებულთა (როგორც დაქირავებულთა, ისე თვითდასაქმებულთა) რაოდენობით. ამასთან, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით გაზრდილია უმუშევრობის დონე , რომელიც 2021 წლის მეორე კვარტალში 22.1 პროცენტს აღწევს. აღნიშნული ვითარება ორი ძირითადი გარემოებით უნდა აიხსნას:
ა) წინა პერიოდში დაწესებული შეზღუდვების, ლოკდაუნის გამო უმუშევართა კატეგორიაში მოგვიანებით მოხვდნენ სამუშაო დაკარგული პირები;
ბ) ეკონომიკის სტრუქტურაში მიმდინარე დინამიურ ცვლილებების გამო მკვეთრად შემცირდა დასაქმების მაჩვენებელი ისეთ დარგებში, სადაც შრომის მწარმოებლურობა შედარებით დაბალი იყო.
ჩვენ პანდემიამდელ დონესთან შედარებით 30 ათასით ნაკლები ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა, 101 ათასით (1.9%-ით) ნაკლები დასაქმებული და 70.3 ათასით (24.2%-ით) მეტი უმუშევარი გვყავს. დასაქმებულთა საერთო რაოდენობა ამჟამად 1214.7 ათასს, ხოლო უმუშევართა რაოდენობა – 344.6 ათასს აღწევს. ამჟამად ყოველ 100 დასაქმებულზე 28 უმუშევარი, ხოლო 100 შინამეურნეობაზე – 117 დასაქმებული (მათ შორის 81 დაქირავებით დასაქმებული) მოდის.
ამასთან, საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული შრომის ბაზრის და დასაქმების პოლიტიკა, ეკონომიკის ხელშეწყობის პროგრამათა ერთობლიობა ქმნიან იმის მყარ საფუძველს, რომ უახლოეს პერიოდში გაიზარდოს სამუშაო ადგილები და მკვეთრად შემცირდეს უმუშევრობის დონე. იმ პირთა მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც დასაქმების უპერსპექტივობით ადრე გასული იყო სამუშაო ძალის კატეგორიიდან, კვლავ დაუბრუნდა ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობას და იმედიანად, ინტენსიურად დაიწყო სამუშაოს ძიება. ამის ხარჯზე საქართველოს სამუშაო ძალა (ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა) ერთ წელიწადში 44 ათასი კაცით გაიზარდა.
ცალსახად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიუხედავად პანდემიასთან დაკავშირებული დიდი გამოწვევებისა და უმუშევრობის მაღალი დონისა, ერთ დასაქმებულზე შრომის ნაყოფიერება – წარმოებული საქონლისა და მომსახურების ღირებულება (მშპ) – 2021 წლის მეორე კვარტალში გაიზარდა: 2020 წლის მეორე კვარტალთან შედარებით – 32.3 პროცენტით, ხოლო 2019 წლის მეორე კვარტალთან შედარებით – 22.1 პროცენტით. შრომის ნაყოფიერების ზრდის ტემპი თითქმის 3-ჯერ აღემატებოდა დასაქმებულთა რიცხოვნობის შემცირების ტემპს (შესაბამისად, +22.1% და -7.7%). დასაქმება და შრომის ნაყოფიერება რომ ამჟამად უცვლელად შენარჩუნებულიყო პანდემიამდელ დონეზე, ქვეყნის ეკონომიკის (მშპ-ის) ამჟამინდელი მოცულობა ფაქტობრივთან დაახლოებით 11-12 პროცენტით უფრო ნაკლები იქნებოდა.
მთლიანობაში, ხელისუფლების დასაქმების სტრატეგია მიმართულია მის ოპტიმიზაციაზე, ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნილებების ადეკვატური, კონკურენტუნარიანი, მაღალი ხარისხის პროდუქციის მწარმოებელი სამუშაო ძალის მობილიზაციაზე, სწავლებაზე, გადამზადებაზე, რაც თავის შედეგებს უკვე იძლევა და კიდევ უფრო თვალსაჩინო შედეგებს მოიტანს უახლოეს მომავალში”, – წერს სოსო არჩვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები