“თალიბანმა” ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დეკლარაცია გამოაქვეყნა

რადიკალურმა მოძრაობა “თალიბანმა”, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ავღანეთის ხელისუფლება ხელში ჩაიგდო, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დეკლარაცია გამოაქვეყნა.

ამის შესახებ Twitter-ზე მოძრაობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა დაწერა.

მისი ინფორმაციით, დეკლარაცია ეძღვნება “ავღანეთის ისლამური საამიროს დეკლარაცია ბრიტანეთის მმართველობისგან ქვეყნის დამოუკიდებლობის 102-ე წლისთავს”.

“ავღანელები ძალიან ამაყობენ, რომ მათი ქვეყანა დღეს ამერიკული ოკუპაციისგან დამოუკიდებლობის ზღვარზეა. ეს არის ღვთის კურთხევა, რისთვისაც ყველა ავღანელი უნდა იყოს მადლიერი. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთიანობით და გულწრფელად ჩვენს ქვეყანაში ისლამური სისტემის ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე, სახელმწიფოს კეთილდღეობისა და აღდგენის სახელით.

102 წლის წინ, ავღანეთის მოჯაჰედებმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს ბრიტანეთის კოლონიური მმართველობისგან ოთხმოცწლიანი წინააღმდეგობის შედეგად. ბრიტანეთის იმპერიის დაშლა ავღანელი მოჯაჰედების ხელით მოხდა, ითვლება საუკუნის უდიდეს მოვლენად და მსოფლიოს მრავალი სხვა განწირული ერი გადაარჩინა კოლონიალიზმის ბორკილებისგან”, – ნათქვამია “თალიბანის” განცხადებაში.

მათივე თქმით, ბრიტანეთის იმპერიის გარდა, ავღანელმა მოჯაჰედებმა გამარჯვება სსრკ-ზეც მოიპოვეს და მისი სახელი “მსოფლიოს რუკიდან წაშალეს”. ქვეყნიდან ამერიკული ჯარების გაყვანის შესახებ საუბრისას, “თალიბები” წერენ, რომ “შეერთებული შტატები სასტიკად დამარცხდა მუჯაჰედების წინააღმდეგობასთან ბრძოლაში და იძულებული გახდა, დაეტოვებინა ავღანეთი”.

“სამი საუკუნის განმავლობაში სამი უმსხვილესი იმპერიალისტური სახელმწიფო დავამარცხეთ”, – აღნიშნავს “თალიბანი”.

ავღანეთის დამოუკიდებლობის დღე ეროვნული დღესასწაულია, რომელიც აღინიშნება 19 აგვისტოს, 1919 წელს ინგლის-ავღანეთის ხელშეკრულების ხელმოწერის დღესთან დაკავშირებით. ამ შეთანხმების შესაბამისად, დიდმა ბრიტანეთმა საბოლოოდ აღიარა ავღანეთის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები