ადვოკატი: ლაშა ბექაური და ლაშა ტალახაძე მზად არიან, ზურაბ ზვიადაურს თავდებში ჩაუდგნენ
“სასამართლოს მოვთხოვთ აუცილებლად, რომ ზურაბ ზვიადაურს გირაო შეეფარდოს. ასევე, ცნობილ პიროვნებებს, სპორტსმენებს, რომლებიც დაუდგებიან თავდებში, წარვუდგენთ სასამართლოს”, – ამის შესახებ მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონის, ყოფილი დეპუტატის ზურაბ ზვიადაურის ადვოკატმა, კახა ცნობილაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თავდებში ჩადგომის სურვილი მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონებმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა ტალახაძემ გამოთქვეს.
„ვიცი, რომ მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონები, ლაშა ბექაური, და არამარტო ბექაური, ლაშა ტალახაძეც იქნება, მზად არიან, ჩაუდგნენ თავდებში ამ ადამიანს“, – განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ სოფელ წინანდალთან მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ზურაბ ზვიადაურს ბრალი წარუდგინა.