„ჰოდა, ქართველებო, „მტკიცედ” – ძველი წარწერა საუკუნეების გაღმიდან და ახალი დროება

ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია ფეისბუქის გვერდზე ემოციურ სტატუსს აქვეყნებს, სადაც იხსენებს იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტერში მოგზაურობის ერთ ამბავს.
„მე ვიყავი ერთ-ერთი უკანასკნელი ქართველი მკვლევარი, ვისაც მერგო პატივი, იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტერში მენახა ლითონის ის ცნობილი დისკო, რომელიც ამ ეკლესიის იატაკის ცენტრში იყო ჩამაგრებული. მასზე ეწერა: „დექით მამანო მტკიცედ და შეურყევლად”!
თითქოს მოწოდებაა, შეგონება, ჩვენი სახელოვანი წინაპრების მოძახილია საუკუნეებიდან!
დიახ, ჩვენ – ქართველები უნდა ვიდგეთ მტკიცედ და შეურყევლად, არ უნდა შევუშინდეთ არცერთ დროებას, არანაირ გამოწვევას!
მაშინ ამ წარწერის დანახვამ გამახსენა ირაკლი აბაშიძის ერთი ამაღელვებელი ჩანაწერი:- „დექით მტკიცედ და შეურყევლად“…
ჟრუანტელმა ამიტანა. ამ პატარა ლითონის დისკომ თითქოს ქვემოდან ამწია და ჰაერში შემისროლა. თითქოს იატაკიდან ამოვარდა გუგუნი თავგანწირულთა მოწოდებისა, თუ მახვილდაკრულთა ხმაჩახლეჩილი ძახილი, სადღაც საუკუნეების გაღმიდან. რითი არა ჰგავს ეს ძველი ქართული ახალს: „არც ერთი ნაბიჯი უკან!“….
სამწუხაროდ, წლების შემდეგ ეს წარწერა იერუსალიმში დაიკარგა, უკვალოდ გაქრა… მე კი შემომრჩა დიდებული მოგონება და ჩემ მიერ ამ წარწერიდან გადაღებული ლამაზი კალიგრაფიით შესრულებული ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა „მტკიცედ”! ჰოდა, ქართველებო, „მტკიცედ”… დანარჩენი ჩემს წიგნში: „ქართველები მსოფლიო ისტორიაში”, ტომი მე-15“, – წერს გიორგი კალანდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები