“ხან მიშელს დოკუმენტს მიეკედლებიან და ხან რას. მერე ერთმანეთს ჭამენ. მე მათ ოპოზიციად ვერ აღვიქვამ. ესენი არიან საშოვარზე გამოსული ადამიანების, ყველა არა, მაგრამ მათი საქმეები გვაჩვენებს, კრებული, რომელთაც უნდათ თანამდებობა და ხელისუფლების ხელში ჩაგდება”, – ასე აფასებს დამოუკიდებელი პოლიტიკოსი, გიგლა ბარამიძე ოპოზიციას.
წინა ხელისუფლების დროს პოლიტიკურად დევნილი, დამოუკიდებელი პოლიტიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე და დიპლომატი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, კოალიციურ მთავრობაზე, საარჩევნო კამპანიასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე „კვირას“ ესაუბრა.
– როგორ შეაფასებთ მიმდინარე საარჩევნო კამპანიას, მათ შორის, ოპოზიციის მხრიდან?
დავიწყოთ იმით, რომ მეც ოპოზიციის წარმომადგენელი ვარ, ოღონდ – დამოუკიდებელი პოლიტიკოსი. არანაირი კავშირი არ მაქვს იმ საცივში თავჩარგულ ვითომ ოპოზიციონერებთან, რომლებიც გულზე მჯიღს იკრავდნენ და გაიძახოდნენ – პარლამენტში არ შევალთო, მერე ცოტა „მოფხანეს“ , ფოჩიან კამფეტებს დაჰპირდნენ და შევიდნენ პარლამენტში. იქაც არაფერი გამოუვიდათ, ისევ გარეთ გამოვიდნენ. ხან მიშელს დოკუმენტს მიეკედლებიან და ხან რას. მერე ერთმანეთს ჭამენ. მე მათ ოპოზიციად ვერ აღვიქვამ. ესენი არიან საშოვარზე გამოსული ადამიანების, ყველა არა, მაგრამ მათი საქმეები გვაჩვენებს, კრებული, რომელთაც უნდათ თანამდებობა და ხელისუფლების ხელში ჩაგდება. ამას არჩევნების გზით ვერ ახერხებენ, მხარდამჭერები არ ჰყავთ, მიტინგებს ვერ ატარებენ, ვერანაირ ღონისძიებებს ვერ ახორციელებენ და უნდათ, რომ როგორმე ვითომ ევროპელი, ჩვენი კოლეგების მეშვეობით ხელში ჩაიგდონ ბერკეტები. ეს არის და ეს. ჯერ თვითონ ვერ ჩამოყალიბდნენ ვერაფერზე და მათ სიტყვას როგორ შეიძლება, კაცი ენდოს?! დილას ერთს ამბობენ, შუადღეს – მეორეს და საღამოს – მესამეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის, ბავშვი რომ გაიძახის, გამდის და ვტირიო. ასეთ პოლიტიკას ადგანან. ოღონდ ხელისუფლებაში მოვიდნენ და ყველაფრის მკადრებლები არიან. მე მათ ოპოზიციად არ აღვიქვამ. სამწუხაროა, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ „ქართული ოცნების“ სახით ესენი ოპოზიციად გაიხადა პარლამენტში, რაც, მე ვფიქრობ, აბსოლუტურად მიუღებელი და არასწორია. კიდევ უფრო ცუდია, რომ ჩამოდიან ევროპელი ჩინოვნიკები, თავიანთ საქმეს რომ ვერ აკეთებენ ევროპარლამენტში და ჩვენ გვასწავლიან ჭკუას, ვინ უნდა შევიდეს პარლამენტში და ვინ – არა. ეს არის ჩვეულებრივი აბსურდი. რეზიუმე რომ გავაკეთო; ეს არის ოპოზიცია, რომელსაც მხოლოდ ერთადერთი იმედი აქვს, როგორმე გაუჭირდეს ქვეყანას, სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოიშალოს, ვიღაც მოკლან, ვიღაც დაახრჩონ, სადღაც რამე აფეთქდეს, ეპიდემიიდან დაწყებული, პირდაპირი გაგებით, რომ ამ ფონზე – „აი, არავინ არ ვარგა და ჩვენ უნდა მოვიდეთ“ , ამის იმედად არიან ესენი. მეტი არაა ჩემი მტერი, ამათ არჩევნებში რაიმე სერიოზულ შედეგს მიაღწიონ. კიდევ ერთხელ ვამბობ – არის ჯანსაღი ოპოზიცია, არის საზოგადოებაც, რომელიც აბსულუტურად სხვანაირად ფიქრობს და არაფერი კავშირი არ აქვს ამ ოპოზიციასთან, მაგრამ ცუდია, რომ ჯერჯერობით ამათ დაიკავეს ის ველი, რომელსაც ჯანსაღად, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციონერები უნდა იკავებდნენ. მაგრამ ესეც ძალიან მალე შეიცვლება.
– „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიაზე რას ფიქრობთ, მათ უკვე დაასახელეს რამდენიმე რეგიონში კანდიდატები, თუმცა, განსხვავებული სიტუაციაა თბილისში, სადაც ამომრჩევლებს მოუწოდებენ, მერობის კანდიდატად მხარი ნიკა მელიას დაუჭირონ, ხოლო საკრებულოში – ელენე ხოშტარიასა და მის პარტიას.
საინტერესო კითხვაა. სრული ქაოსია „ნაცმოძრაობაში“. არ აქვთ ჩამოყალიბებული არც პროგრამა, არც ხედვა, არც ის, რა უნდა გააკეთონ. მათი თვითმიზანი არის, ჩამობრანძული კარავი დადონ, როგორმე იშოვონ თანხა, რომ ვიღაც-ვიღაცები ავტობუსებით ჩამოიყვანონ საქართველოში, დაკიდონ საერთაშორისო მაწანწალა სააკაშვილის ფოტო ამ კარავზე და როგორმე აანჯღრიონ ხელისუფლება თუ სახელმწიფო ინსტიტუტები და შტურმი თუ არეულობა. იქნებ, ამით მოვიდნენ ხელისუფლებაში. როგორც კი დადგება 3 სექტემბერი, წინასწარ გეტყვით, რას იტყვიან. „გაგვიყალბეს“, „ასე ქნეს“, „ისე ქნეს“. რა თქმა უნდა, ხელისუფლება ეცდება, სათავისოდ გადაწიოს პოლიტიკური რკალი, ყველა ხელისუფლება ამას აკეთებს, მაგრამ ესენი ხომ მარტო იმისთვის არიან მომზადებულნი, რომ დესტრუქციული ქმედებები განახორციელონ. ამიტომ, ახლავე ვამბობ, რომ ეს არის ხალხი, რომელსაც საქართველოს არ სჭირდება, საქართველო არ ადარდებთ, მათ თავიანთი თავი ადარდებთ, თავიანთი ოჯახის წევრები და ის ხალხი, ვინც გრანტებს ურიგებს. მეტი არაფერი არ უნდათ, იმიტომაცაა, რომ სამარცხვინოდ გამოიყურებიან. ეს არაა პოლიტიკური ძალა, რასაც ესენი აკეთებენ. დაძუნძულებენ ქუჩიდან ქუჩაზე, ხან სანაგვე მანქანას ახტებიან, ხან საღებავებს ასხავენ, ეს ჰგონიათ პოლიტიკა. რაც მთავარია, მათ რომ ჰყავთ ნაცნობები და ვითომ კოლეგები, ჩვენც ძალიან ბევრი ნაცნობი გვყავს ევროპულ სტრუქტურებში და დასცინიან ამათ. შეწუხებულები არიან ისინი ამათი საქციელით, ამას არ ამბობენ, რომ არ დაიძაბოს კიდევ უფრო სიტუაცია საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში, თორემ მე პირადად მომისმენია, რომ გვეცოდება საქართველო, ამდენი წლის მერე ამ დონემდე რომაა მისული ვითომ ოპოზიციაო.
– კოალიციური მთავრობის შექმნის იდეაზე რას იტყვით, მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე რა შანსი აქვს ამ იდეის განხორციელებას?
საერთოდ, კოალიციური მთავრობა თავის თავში გულისხმობს მრავალპარტიულ მმართველობას. რაღაც ეტაპზე კოალიციური მთავრობა ცუდი არ არის მაშინ, როცა ქვეყანაში არის ჯანსაღი ოპოზიციური ძალები, მაგრამ როცა ქვეყანაში გყავს ვაჭრუკანები ოპოზიციის სახით, როგორ შეიძლება მათთან კოალიციის შექმნა. წარმოგიდგენიათ, ერთი მხრივ, ბოკერია, დეკანოიძე ქმნიდნენ კოალიციას ხელისუფლებასთან? ეს რა კოალიცია იქნება, დაჭამენ ერთმანეთს. ძლივს შევიდნენ პარლამენტში თუ შეიყვანეს, რა უქნეს და პარლამენტი ეგონათ მულენ რუჟი. კანკალის ცეკვა დაიწყეს, ფეხშიშველები დარბოდნენ დაფიდან დაფაზე. ამათ რო მინისტრების სავარძლები ჩააბარო, რისი გამკეთებლები არიან. ამიტომ, ამ რეალობიდან გამომდინარე, რაც დღეს არის, არანაირ კოალიციაზე არ შეიძლება საუბარი. „ნაცმოძრაობა“ არის ერთი პოლიტიკური ძალა, დარჩენილი პარლამენტში, მეტნაკლებად ძლიერი და ტელევიზიებიც – მეტნაკლებად ძლიერები, რომლებიც მომართულნი არიან მხოლოდ პროვოკაციებისკენ. უნდათ, რომ ცხოვრება მათით დაიწყოს და დამთავრდეს. ეს არის ქვეყნის ამომგდები ძალა. ვიდრე „ნაცმოძრაობას“ არ დაერქმევა იურიდიულად, პოლიტიკურად რა მარგინალები და სექტანტები არიან, მანამდე ვერ ამოისუნთქებს ქართული პოლიტიკური სპექტრი. ხელისუფლების უმთავრესი მიზანიბამ წლების განმავლობაში უნდა ყოფილიყო, რომ ამისთვის სახელი დაერქმია. ადრე თუ გვიან, მოვა ამის დროც.
– შარლ მიშელის დოკუმენტზე რას ფიქრობთ, შეასრულა თავისი როლი პოლიტიკურ პროცესებში?
საერთოდ არ იყო საჭირო მიშელის დოკუმენტი. რა წერია იქ ისეთი, რასაც 2, 4 წელია, ჩვენ, არასაპარლამენტო ოპოზიცია ან საზოგადოება არ ითხოვს. ეს არის საკონსტიტუციო ცვლილებები, მრავალპარტიულობა, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები. რა გააკეთა მიშელმა, ერთი დაამატა ხაზინის ქურდისა და უმძიმესი ბიოგრაფიის მქონე ადამიანის გათავისუფლება. რა საჭირო იყო ამ დოკუმენტის შექმნა. არაფერს არ იძლეოდა. ერთადერთი ოპოზიციური პარტიები, „ნაცმოძრაობა“ და მასთან „აკიდებული“ პარტიები როგორმე შესულიყვნენ პარლამენტში. შედეგად რა მივიღეთ, მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ მაინც არ მოაწერა ხელი შეთანხმებას. ამიტომ, ძირშივე არასწორი იყო ეს დოკუმენტი. ტყუილად ჩადი-ჩამოდიოდა ჩვენთან. ნული იყო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი. სამარცხვინო იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც ის იჯდა ბრიუსელში და ტელეეკრანზე მიუთითებდა, 12 პატი და პატაშონი თავს უქნევდა და ხელს აწერდა დოკუმენტს. ეს იყო სამარცხვინო პასაჟი. სირცხვილია, ქვეყანას ჰქონდეს კონსტიტუცია და მიშელის დოკუმენტს აყენებდნეს უმთავრესად. ეს სჭირდებოდა ოპოზიციას, რომ ამოფარებოდა მიშელს, ძია მიშელს შეეყვანა ესენი პარლამენტში და შემდეგ ევროკავშირს დემოკრატიის სახელით გაეყარა არსებული ხელისუფლება და მოეყარა ესენი. ამის ქვეტექსტი ესაა და მეტიც, გამოცხადებიდან ამნისტია როგორმე შეეტენათ, რომ ის შეხებოდა საერთაშორისო მაწანწალა სააკაშვილს, კორუმპირებულ ადეიშვილსა და სხვა, საქართველოდან გაქცეულ დამნაშავეებს. საერთოდ არ უნდა მოეწერა ხელი თავიდანვე ხელისუფლებას. კარგია, რომ ახლა გამოვიდა ამ შეთანხმებიდან.
– უცხოელი დიპლომატები ახსენეთ. როგორ შეაფასებდით მათ განცხადებებსა და ქმედებს ქართულ პოლიტიკაში?
თავად ვიყავი 5 წელი ელჩი და ძალიან კარგად ვიცი, სად იწყება ელჩის ფუნქცია და სად მთავრდება უცხო ქვეყანაში, თუნდაც, მეგობარ ქვეყანაში, ფუნქციები. საქართველოში აკრედიტებული რამდენიმე ელჩი, ქალბატონი კელი დეგნანის მეთაურობით, უპირველესად მას ვგულისხმობ, დიდი ხანია, დიპლომატიის ჩარჩოებიდან გასულია. ხშირად ემსგავსება მეფისნაცვალს, გენერალგუბერნატორს. მისი ლექსიკა საერთოდ ცდება დიპლომატიურ ლექსიკას. დიპლომატი, ელჩი არ უნდა ლაპარაკობდეს იმპერატიული ტონით, ეს გააკეთე და ის არ გააკეთო. ვინ გეკითხება? თუ დიპლომატიის ანაბანა არ იცი, შემიძლია, გესტუმროთ და წაგიკითხოთ ლექციები, რას ნიშნავს დიპლომატია და ვენის კონვენციის სათითაო თავებს გასწავლით, როგორ უნდა იქცეოდეს დიპლომატი. ასე არ შეიძლება. აღიზიანებს მოსახლეობას. სამაგალითოა, დიპლომატიის თვალსაზრისით, გერმანიის ელჩი, რომელიც მაშინვე გააჩერებს ხოლმე ჩვენს ოპოზიციონერებს, ქვეყნის დასაბეზღებლად რომ მირბიან ხოლმე საელჩოებში. ეუბნება, რომ ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის, მე ვარ დიპლომატი და მე არ ვარ სხვა ფუნქციის მატარებელი მოხელე, რომ თქვენ რაღაცები გიკარნახოთ.
ძალიან ცუდია, როდესაც ლგბტ თემის ასეთი პოლიტიზება მოახდინა ქალბატონმა დეგნანმა, რომელსაც სახეზე ემჩნეოდა, რომ მას უნდოდა, არამხოლოდ ჩატარებულიყო აღლუმი, რომელიც მოსახლეობის 98 პროცენტს არ უნდოდა. შთაბეჭდილება მრჩება, რომ მას უნდოდა, სათავეში ჩადგომოდა ამას და რომ არ გამოუვიდა, საერთოდ დაკარგა სახე. იმედია, მიხვდება, რომ დაუბრუნდეს იმ ჩარჩოებს, რასაც დიპლომატიის მანდატი აძლევს. თავისი ასეთი გაუცნობიერებელი განცხადებებით რუსეთის საქმეს აკეთებს.
– წელს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა. როგორ შეაფასებდით დღევანდელი გადმოსახედიდან იმდროინდელ მოვლენებს?
მიუღებელია ამდენი წლის შემდეგ კიდევ ასეთი მიდგომა, რომ ომი ვინ დაიწყო და ვინ დაამთავრა, ნაცვლად იმისა, რომ ვსაუბრობდეთ, როდის დავიბრუნებთ დაკარგულ მიწებს. შევახსენებ ზოგიერთ უცოდინარ, ისტორიის არმცოდნე ოპოზიციონერსა და ტელევიზიების წარმომადგენლებს, რომლებიც პრესსამსახურებად იქცნენ. მთავარი არის ის, ომი ვინ მოიგო. ყველა საერთაშორისო დოკუმენტში, რომელსაც წინა ხელისუფლება აწერს ხელს, ძალიან ნათლად წერია, ვინ აყვა პროვოკაციას და ვინ რა გააკეთა, შავით თეთრზე წერია. ქურდს ქუდი ეწვისო, ნათქვამია. ესმის ყველაფერი „ნაცმოძრაობს“ და იმიტომ უნდათ, 7 აგვისტო ახსენონ ომის დაწყების თარიღად. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი მთავარი რამ, რომ ერთ მხარეს იდგნენ ქართველი გმირი მებრძოლები და მეორე მხარეს იყო „ნაცმოძრაობის“ მოღალატე ხელისუფლება, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ მოწინააღმდეგეს თავისი მიზნისთვის მიეღწია. სწორედ მათი ქმედებების ხელშეწყობით წაიღო მტერმა ქვეყნის ტერიტორიის 22 პროცენტი. აღარ ვამბობ, მთავარსარდლიდან დაწყებული მოღალატე „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლება როგორ გარბოდა, დროშებს აფრიალდებდნენ და გმირ ბიჭებს იქ ტანჯავდნენ და რომელთა ცხედრების გამოყვანაც საპატრიარქოს მოუწია. ესენი არიან ჩვეულებრივი მოღალატეები, რომელთათვისაც უნდა დაგვერქმია სახელი. სამწუხაროა, პოლიტიკურად და სახელმწიფოებრივად მათ ქმედებას არ დაერქვა სახელი. 2008 წელს უნდა დაგვერქმია სახელი და დაგვესვა ბეჭედი, რატომ შეუწყვეს ხელი მოწინააღმდეგეს. ეს არ გავაკეთეთ და ამიტომაა, რომ ყოველი წლის 8 აგვისტოს წიკვინებენ. ჯერ ამათი უტიფრობის რა ვთქვი, რომ ყოველ წელს ადიან ძმათა სასაფლაოზე და დაღუპულების მშობლებთან, როცა ამათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მათი შვილები მტრის საჯიჯგნად მიატოვეს.
– ავღანეთში მიმდინარე მოვლენებს როგორ შეაფასებდით, საქართველოზე რა გავლენა შეიძლება, იქონიოს იქ განვითარებულმა პროცესებმა?
აღმოსავლეთ მცოდნე ვარ და ზეპირად ვიცი, იქ რა ხდება. გარდა ამისა, მე ვარ პოლიტიკურად დევნილი და ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც ვიყავი გარკვეული პერიოდით, იყო ავღანეთი. ახლა რომ გამოდის ამერიკის პრეზიდენტი, დიდი პატივისცემით, და ამბობს, ჩვენ არ ველოდით ამას – 2008-2009 წელში ჩანდა უკვე, რომ იქ არ მიდიოდა საქმე ისე, როგორც უნდა ყოფილიყო. რა გვაჩვენა ამ სასტიკმა ქმედებებმა, ბოლო დღეების
1. აბსოლუტურად ახალი მსოფლიო გეოპოლიტიკური ვითარება მივიღეთ. 2. სრული კოლაფსი და გრანდიოზული კრახი შეერთებული შტაბების სამხედრო და პოლიტიკური თვალსაზრისით. 3. რასაც ებრძოდნენ, ის სახელმწიფო შექმნეს და დაუტოვეს იარაღი და მოკურცხლეს. საშინელებაა ეს ყველაფერი.ჩვენ საზღვრებთანაა ახლოს. ძალიან ცუდი რამ მოხდა. ასე შეხვედი და გამოხვედი, ასე არ გამოდიან. მე შტატებს ვგულისხმობ. ვინ თქვა, რომ პარტნიორზე ასე არ უნდა ილაპარაკო. საკუთარ ქვეყანაშივე აკრიტიკებენ. ასე არ უნდა მორბოდე და სახურავებიდან არ უნდა გამოგყადეს შენი ხალხი. მათ მიატოვეს ავღანელები. ცუდი პრეცენდენტია. ამის გამოსწორებაა საჭირო. აქ მთავარი არის საქართველოს საკითხი. თავის პრობლემებს საქართველო თვითონ უნდა აგვარებდეს, რა თქმა უნდა, სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით. მაგრამ თავიდან ბოლომდე აეკიდო სტრატეგიულ პარტნიორს, როგორც ავღანეთის ხელისუფლება და, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, დარჩე მარტო, ასე არ შეიძლება. არ გაუწყრეს ღმერთი არც ხელისუფლებას, არ აპირებს, მაგრამ მე ვიცი, ოფიციალურად არ ვამბობ, მაგრამ არის წრიალი სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან, რომ საქართველომ მიიღოს ლტოლვილები, ამის გაკეთება არ შეიძლება. ჩვენ ჩვენი მიწები გვაქვს დასაბრუნებელი და ვერავის ვერ მივიღებთ.
ქართველებო, ვიყოთ თვითკრიტიკულები. ნუ ავყვებით გრანტებით გაქსუებულ ზოგიერთ მოღალატე, ტროას ცხენად არსებულ პოლიტიკურ პარტიებს, რომელსაც ლიქვნის გარდა პერსპექტივა არ აქვს. ვიყოთ კრიტიკულები და შევაფასოთ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და არა – მიშელს რა უნდა. საქართველოს სჭირდება დასავლეთი და ორჯერ მეტად სჭირდება დასავლეთს საქართველო.