სტოლტენბერგი: ავღანელი ლიდერების წარუმატებლობამ გამოიწვია ის ტრაგედია, რასაც დღე ვაკვირდებით

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის მოკავშირეები არ ფიქრობდნენ, რომ ავღანეთის უსაფრთხოების სისტემა და პოლიტიკური ინსტიტუტები ასე სწრაფად დაიშლებოდა.

ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი შეფასებით, “თალიბანის” სწრაფი შეტევა შესაძლებელი გახდა, მათ შორის, ავღანელი პოლიტიკური ლიდერების წარუმატებელი ქმედებების გამო.

“ის, რაც ჩვენ ვნახეთ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, არის პოლიტიკური და სამხედრო კრახი, რომელიც ისეთი ტემპით მოხდა, რომელსაც ვერავინ წარმოიდგენდა. ავღანეთის უსაფრთხოების ძალების ნაწილი გაბედულად იბრძოდა, მაგრამ მათ ვერ გადაარჩინეს ქვეყანა, რადგან, საბოლოოდ, ავღანეთის პოლიტიკურმა ლიდერებმა ვერ შეძლეს, წინააღმდეგობა გაეწიათ “თალიბანისთვის” და მიეღწიათ მშვიდობიანი შეთანხმებისთვის, რაც ავღანელებს უიმედოდ სურდათ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ავღანელი ლიდერების წარუმატებლობამ გამოიწვია ის ტრაგედია, რასაც დღეს მსოფლიო აკვირდება.

“ამავდროულად, ჩვენ უნდა გამოვიტანოთ გულწრფელი დასკვნები ავღანეთში ნატო-ს ჩართულობასთან დაკავშირებით. ჩვენი უზარმაზარი ინვესტიციებისა და მსხვერპლის მიუხედავად ორი ათწლეულის განმავლობაში, კოლაფსი სწრაფი და მოულოდნელი იყო”, – თქვა მან.

ამავდროულად, ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ნატო-მ ბევრს მიაღწია ავღანეთში ყოფნის დროს.

”ორი ათეული წლის განმავლობაში არცერთი ტერაქტი არ მომხდარა წევრ-ქვეყნებში, რომელიც ავღანეთის მიერ შეიძლება, ყოფილიყო ორგანიზებული”, – განმარტა იენს სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები