“თალიბანმა” ავღანეთში “ამნისტია” გამოაცხადა და მოუწოდა ქალებს, შეუერთდნენ მათ მთავრობის ფორმირებაში. ამის შესახებ “თალიბების” წარმომადგენელმა, ენამულა სანამგანიმ განაცხადა, – იტყობინება SkyNews-ი.
მისი თქმით, “ისლამურ საემიროს არ სურს, რომ ქალები მსხვერპლად იქცნენ. ისინი, შარიათის კანონების შესაბამისად, მთავრობის სტრუქტურაში უნდა შედიოდნენ. მთავრობის სტრუქტურა ჯერ ბოლომდე გასაგები არ არის, მაგრამ, გამოცდილებიდან გამომდინარე, უნდა იყოს სრულიად ისლამური ხელმძღვანელობა და ამას ყველა მხარე უნდა შეუერთდეს”.
ამ განცხადების მიუხედავად, საერთაშორისო თანამეგობრობა სკეპტიკურად არის განწყობილი ამ დაპირებების მიმართ, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა კი განსაკუთრებული შეშფოთება გამოთქვა ქვეყანაში გოგონებისა და ქალების მომავალთან დაკავშირებით.
იმ დროს, როდესაც “თალიბანი” უკანასკნელად მართავდა ავღანეთს 1996 – 2001 წლებში, ქალებს ეკრძალებოდათ მუშაობა, მათ სახის დამალვა უწევდათ და, სახლის დატოვების სურვილის შემთხვევაში, მათთან ნათესავი მამაკაცები უნდა ყოფილიყვნენ.