შსს-მ კახეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 2 პირი, მათ შორის ოლიმპიური ჩემპიონი, ზურაბ ზვიადაური
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალთან მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს.
შსს-ს ცნობით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1980 წელს დაბადებული ზ.ზ.
“დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ამავე ფაქტთან დაკავშირებით, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯ.ჯ. დააკავეს.
გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 16 აგვისტოს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აღნიშნული დაპირისპირებისას, 1971 წელს დაბადებულმა ვ.ც.-მ ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ჯ.ჯ.-ის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც ამავე დაპირისპირებაში მონაწილე, 1994 წელს დაბადებული ნ.კ.-ის მხრიდან, ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან საპასუხო სროლა მოჰყვა.
ნ.კ.-ის მიერ განხორციელებული სროლის შედეგად, ოთხი პირი: 1971 წელს დაბადებული ვ.ც., 1976 წელს დაბადებული ზ.ზ., 1975 წელს დაბადებული ზ.მ. და 1991 წელს დაბადებული ა.შ. დაიჭრა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ვ.ც. და ზ.ზ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ზ.მ.-ს და ა.შ.-ს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.
გამოძიებით ასევე დგინდება, რომ მომხდარი დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა ბრალდებულის სახით დაკავებულმა ზ.ზ.-მაც, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა 1994 წელს დაბადებული ნ.კ.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები – „სტეჩკინის“ ტიპის პისტოლეტი და “საიგას“ ტიპის ნახევრადავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.