ირაკლი ქადაგიშვილი: “ნაცმოძრაობას“ საკადრო რესურსი არ გააჩნია, რომ მოსახლეობას სიახლე შესთავაზოს
“ნაციონალურ მოძრაობას“ არ გააჩნია იმის საკადრო რესურსი, რომ სიახლე შესთავაზოს მოსახლეობას, ოპოზიცია, ფაქტობრივად, გაბანკროტებულია“, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ რეგიონებში მერობის კანდიდატების წარდგენას.
„ჩვენ რასაც ვუყურებთ, ეს არის ნათელი მაგალითი და დემონსტრირება, რომ ოპოზიციას კონკრეტულად „ნაციონალურ მოძრაობას“ არ გააჩნია იმის საკადრო რესურსი, რომ რაიმე სიახლე შესთავაზოს მოსახლეობას. განსაკუთრებით თვითმმართველობის არჩევნების წინ. ეს გვაჩვენებს, რომ მათთვის, როგორც ასეთი თვითმმართველობა არ წარმოადგენს არანაირ ინტერესს, ის საქმე და ის მოლოდინი, რაც ჩვენ ამომრჩეველს მუნიციპალიტეტში გააჩნია, არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგში, არც პროგრამულად, არც კონკრეტული საქმეებისა და შეთავაზებების კუთხით. ვხედავთ, პარლამენტის დეპუტატების მხრიდან საარჩევნო კამპანია ძირითადად აწყობილი იქნება იმაზე, რომ ხალხში დესტრუქცია გააღვივონ, სახელმწიფოზე, ეკლესიასა და იმ პრობლემებზე მოახდინონ აპელირება, რითაც კიდევ ერთხელ შეეცდებიან საარჩევნო პროცესი დააზიანონ, ეცადონ ნებისმიერი გზით ხელისუფლება ხელში ჩაიგდონ. იციან, რომ წარმატებას ვერ მიაღწევენ, საკადრო რესურსი არ გააჩნიათ, რომ თვითმმართველობის არჩევნების დროს ახალი შემადგენლობა შესთავაზონ. ამიტომ არის, რომ კანდიდატად ხან მამას სთავაზობენ. ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ პოლიტიკურად ოპოზიცია ფაქტობრივად გაბანკროტებულია“, – აცხადებს ქადაგიშვილი.