გიორგი ცუცქირიძე: ყველა კვლევაში მმართველი პარტია მნიშვნელოვნად უსწრებს არა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას”, არამედ – მთლიანად ოპოზიციას
ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე წინასაარჩევნო კვლევების შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. ექსპერტის განცხადებით, „ქართული ოცნება“ მნიშვნელოვნად უსწრებს არა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას”, არამედ – მთელ ოპოზიციას.
მისი თქმით, მიშელის დოკუმენტიდან ,,ქართული ოცნების,, გასვლამ რეფერენდუმის თემა საბოლოოდ აქცია ფიქციად.
„აგვისტოში უკვე მეოთხე სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოქვეყნდა, რომელიც 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების წინ ამომრჩევლებში არსებული განწყობების სავარაუდო სურათს ქმნის: 2 აგვისტოს „აირაის”, 10 აგვისტოს „გორბის”, 12 აგვისტოს „ენდიაის” და ახლა თავად „ქართული ოცნების” სოციოლოგიური ჯგუფის კვლევაც, რომელიც 2-8 აგვისტოს ჩატარდა. მიუხედავად ამ სახის სოციოლოგიური კვლევების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულებისა, და არც თუ უსაფუძვლოდ, განსაკუთრებით – პარტიების პროცენტებთან მიმართებაში, ყველა ამ კვლევაში მაინც იკვეთება ერთი საინტერესო ტენდენცია. ყველა კვლევაში მმართველი პარტია მნიშვნელოვნად უსწრებს არა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას”, არამედ ოპოზიციასაც მთლიანად. ეს თანაბრად ეხება არა მხოლოდ „ოცნების“ ბოლო კვლევას, სადაც „ოცნება“ თბილისში, ხვალ რომ არჩევნები იყოს, აიღებდა 46.3%-ს, ნაციონალური მოძრაობა -23.3%-ს. „აირაისა” და „გორბის” შემთხვევაში, „ოცნებას” 2-ჯერ მეტი ადამიანი უჭერს მხარს, ვიდრე „ნაცმოძრაობას”, ხოლო „ენდიაის” შემთხვევაში, ეს უპირატესობა კიდევ უფრო შთამბეჭდავია და სამჯერაც კი აღემატება: „ოცნება“ – 18%, „ნაციონალური მოძრაობა“ – 6%. სხვა პარტიებზე, გარდა გახარიას პარტია „საქართველოსთვის“, რომლის რეიტინგი 5-9%-მდე მერყეობს, არც არის საუბარი. „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ევროპული საქართველოს“ თუ „გირჩის“ რეიტინგები 2-3%-ის ფარგლებშია. ქართული ოპოზიციის დიდი ნაწილის მთავარი შეცდომა ის იყო, რომ აჰყვა რა ნაციონალების თამაშს, ეს არჩევნები თავიდანვე დაუკავშირა რეფერენდუმს, რასაც ვადამდელი უნდა მოჰყოლოდა. მთელი ეს სქემა კი მაშინ ჩამოიშალა, როდესაც ოპოზიცია დაიშალა, ნაწილი პარლამენტში შევიდა და მიშელის დოკუმენტს ხელი ისე მოაწერა, მეორე ნაწილთან შეთანხმებული არ ყოფილა. მიუხედავად ამ სტრატეგიის წარუმატებელი ხასიათისა, ოპოზიციამ არც შემდეგ შეცვალა თავისი წინასაარჩევნო მესიჯ ბოქსი, ხოლო ქართული ოცნების გასვლამ მიშელის დოკუმენტის შეთანხმებიდან რეფერენდუმის თემა საბოლოოდ აქცია ფიქციად. ოპოზიცია კი, როგორც იტყვიან, აშკარად დროში დაიწვა და ერთადერთ მესიჯბოქსად ვადამდელზე სწორებამ, ის შედეგი გამოიღო, რომ კოვიდ პანდემიის ახალი ტალღისას საერთოდ მოწყდა რეალობას. შედეგად, მივიღეთ რეალობა, როცა ოპოზიციამ შექმნა ცრუ მოლოდინები, ერთი მხრივ და მეორეს მხრივ, დროის ფაქტორი. ამის შედეგია ის ინერტულობა, რასაც არჩევნებამდე, ფაქტობრივად, თვენახევრით ადრე ვაკვირდებით. საერთო კოორდინაციის ფაქტობრივ მოშლაზე მიუთითებს წინასაარჩევნო კამპანიის ქაოსური ხასიათიც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სავსებით რეალურია ის პროცენტები, რაც, ოცნების კვლევის თანახმად, თბილისის მერობის კანდიდატების შემთხვევაშია ნაჩვენები და სადაც კახა კალაძეს 66,2%, ნიკა მელიას – 33,8% აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მერობის სხვა კანდიდატები დასახელებული არ ყოფილა, აღნიშნული ციფრები ცხადყოფს, რომ კახა კალაძეს პირველივე ტურში შეუძლია არჩევნების დამაჯერებლად მოგება მელიას გარდა, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან სხვა კანდიდატების პირობებშიც კი.
„ოცნება“, ოპოზიციის დაქსაქსულობის და საერთო სისუსტის ფონზე, არა მხოლოდ თბილისის მაჟორიტარულ ათივე ოლქში მოიგებს, დიდი ალბათობით, არჩევნებს, არამედ ქვეყნის მასშტაბითაც კი და როგორც ჩანს, არც ლამის საჯილდაო ქვად ქცეული 43-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა გაუჭირდება,“ წერს facebook – ზე გიორგი ცუცქირიძე.