ფილმი „მზიური” – კინოფესტივალ CinéDOC-Tbilisi 2021-ის ტელეგახსნა გაიმართება

15 აგვისტოს, 23:30 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის CinéDOC-Tbilisi 2021-ის ტელეგახსნა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ნაჩვენები იქნება ქართველი კინორეჟისორის, ქეთი მაჭავარიანის ფილმი „მზიური“ (პროდუსერები: ცისანა ხუნდაძე, ნატო სიხარულიძე).
„ფილმის სათაური თან ფილმის მთავარი გმირის სახელია და თან საქართველოს საბჭოთა ეპითეტსაც გვახსენებს.
მზიური ყოფილი პედაგოგია და ახლა სოციოლოგიურ კვლევებზე ინტერვიუერად მუშაობს, ეს სამუშაო მარტოობის დაძლევაში ეხმარება და მზიურის სოციალური ცხოვრების ერთადერთი წყაროა. მზიური მიგვიძღვება თბილისის ვიწრო ქუჩებსა და ბეტონის უსახურ კვარტლებში, გვახედებს ბინებში, სახლებსა და უბნებში, გვასმენინებს მწვავე სოციალური და პოლიტიკური თემების ირგვლივ თბილისის მოქალაქეების ფიქრებსა და იმედებს. ფილმის ბოლოს თვითონ მზიური გვევლინება რესპონდენტის როლში, ახლა ის პასუხობს კვლევის კითხვებზე და თავის ოცნებებსაც გვიზიარებს.
ჩვენი ფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმებიდან, 2018 წელს, Civil Pitch-ის ფარგლებში, ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, ფილმმა მთავარი პრიზი მიიღო; გასულ წელს კი, New Talents Caucasus-ზე, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით, პოსტპროდუქციისთვის დაჯილდოვდა.
ფილმმა ახლახან საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა და Hot Docs Canadian International Documentary Festival-ზე ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფილმის ტრილერი – https://www.youtube.com/watch?v=C8_wmxR8Rrs

ცნობისათვის: საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის CinéDOC-Tbilisi მე-9 გამოშვება წელს, 15 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები