WSJ: თაღლითები ათობით ქვეყნის მთავრობებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს სთავაზობდნენ

მსოფლიოში ათობით ქვეყნის მთავრობებს არაერთი კრიმინალური ორგანიზაცია და კერძო პირი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს სთავაზობდნენ და მილიონობით დოლარის ღირებულების კონტრაქტების გაფორმებას ცდილობდნენ.

ამის შესახებ Wall Street Journal-ი წყაროებზე, ასევე, მის ხელთ არსებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს.

აღინიშნება, რომ თაღლითებმა მიმართეს ნიდერლანდების, ლატვიის, საფრანგეთის, ისრაელის, ჩეხეთის, ავსტრიისა და სხვა ქვეყნების მთავრობებს, რომლებსაც სთავაზობდნენ Pfizer/ BioNTech-ის, Johnson & Johnson-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინებს. ამასთან, ზოგიერთ შემთხვევაში საქმე კონტრაქტის დეტალების განხილვამდეც მიდიოდა.

ბრაზილიის პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს ოფისში დაადასტურეს, რომ აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს მესამე მხარის შუამავლებთან, რომლებიც ვაქცინებს სთავაზობდნენ, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საბოლოოდ საქმე ვაქცინების შესყიდვამდე არ მისულა.

თავის მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა თქვა, რომ საფრანგეთი იღებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს ევროკომისიის მეშვეობით და არ აწარმოებს პირდაპირ მოლაპარაკებებს წამლების მომწოდებლებთან.

გაზეთის წყაროების თანახმად, აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის გამომძიებლებმა “გამოავლინეს 50-დან 75-მდე თაღლითი, კომპანია და ბროკერი”, რომლებიც ეძებენ ვაქცინების პოტენციურ მყიდველებს ქვეყნების ხელისუფლებაში. ამავე დროს, უცნობია, დასრულდა თუ არა მათი რომელიმე მცდელობა წარმატებით.

“ინტერპოლის” პრესმდივანმა თქვა, რომ ორგანიზაცია უახლოეს დღეებში გეგმავს ქვეყნების გაფრთხილებას თაღლითობის შესაძლო შემთხვევებთან დაკავშირებით.

კერძოდ, Pfizer-ში განაცხადეს, რომ 86 თაღლითური წინადადების შესახებ არიან ინფორმირებულნი, რომლებიც 45 ქვეყნის მთავრობებმა მიიღეს. Pfizer-ის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევ კუბიაკმა აღნიშნა, რომ კომპანია თაღლითობის შესახებ ინფორმაციას გადასცემს სამართალდამცავ ორგანოებს, მთავრობებსა და სხვა ვაქცინების მწარმოებლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები