პარლამენტი ოფიციალური საერთაშორისო სიმბოლოების შებღალვისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დადგენაზე მუშაობს

პარლამენტი ოფიციალური საერთაშორისო სიმბოლოების შებღალვისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დადგენაზე მუშაობს, – ამის შესახებ პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

“ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს ან იმ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვისთვის, რომლის წევრიც არის საქართველო, აგრეთვე იმ სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლოს შებღალვისთვის, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა და რომელიც აღმართულია ან გამოფენილია საჯარო დაწესებულებებზე, საჯარო დაწესებულების წინ ან საჯარო დაწესებულების შენობაში, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დგინდება.
კანონპროექტის შესახებ, რომელიც პარლამენტის წევრების: კახაბერ კუჭავას, ალექსანდრე ელისაშვილის, ფრიდონ ინჯიას, ხათუნა სამნიძის, ნიკოლოზ სამხარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საკანონმდებლო ინიციატივაა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება შესაბამისი მუხლი, რომელიც ასეთი ქმედებისთვის გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2000 ლარით ან ფიზიკური პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. „კანონპროექტის მიზანია ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს ინტეგრაციის პროცესისა და იმ საერთაშორისო ორგანიზაციების ღირებულებებისა და ფასეულობების დაცვა, რომელთა წევრიც არის საქართველო, აგრეთვე იმ სახელმწიფოებთან დიპლომატიური ურთიერთობების დაცვა, რომლებთანაც საქართველოს აქვს ასეთი ურთიერთობები”, – განაცხადა მომხსენებელმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სმხარაძემ.
აღსანიშნავია, რომ ამ სახელმწიფოებში არ მოიაზრება ის ქვეყნები, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას აღიარებენ”, – აღნიშნულია პარლამენტის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები