გუდაუთაში ძაბვის ვარდნამ სუნთქვის აპარატის გამორთვა გამოიწვია და პაციენტი დაიღუპა, მძიმე მდგომარეობაშია კიდევ სამი პირი

გუდაუთის კოვიდჰოსპიტალში 1957 წელს დაბადებული პაციენტი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატის გამორთვას ემსხვერპლა. ე.წ.ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, კიდევ სამი პირი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

ე.წ.უწყებაში ამბობენ, რომ სისტემის გამორთვის მიზეზი ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებამ გამოიწვია.

“ძაბვის ვარდნამ რეანიმაციის ორ პალატაში აპარატების მწყობრიდან გამოყვანა გამოიწვია, რის შედეგად მძიმე პაციენტებს ჟანგბადი აღარ მიეწოდებოდათ. მედიკოსებმა პაციენტების სიცოცხლისთვის დაიწყეს ბრძოლა, თუმცა, ერთ-ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა”, – ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება კოვიდსტატისტიკას, ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო ერთ დღეში ჩატარებული 429 ტესტიდან 104 დადებითია. გუდაუთის კოვიდჰოსპიტალში, ჯამურად, ორი პაციენტი გარდაიცვალა, სულ პანდემიის დაწყებიდან 336 ლეტალური შემთხვევაა.

ამჟამად, გუდაუთის ჰოსპიტალში 156 პირი მკურნალობს, მათგან 26-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 41 პირია მოთავსებული, 15-ის მდგომარეობა მძიმეა; ოჩამჩირეში 23; გაგრაში 35, ხოლო ტყვარჩელში 13 ადამიანია გადაყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები