თორნიკე რიჟვაძე: ყველა უნდა იაზრებდეს ეპიდვითარების სიმძიმეს, ღონისძიებები უმკაცრესად აღსრულდება, რადგან თხოვნა აღარ ჭრის

“ყველა უნდა იაზრებდეს ეპიდვითარების სიმძიმეს, ყველა ღონისძიება უმკაცრესად აღსრულდება, რადგან თხოვნა აღარ ჭრის”, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო 24 საათში აჭარის რეგიონში კორონავირუსის 900-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

„ვფიქრობ, ყველა უნდა იაზრებდეს ქალაქში, რეგიონსა და ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების სიმძიმეს. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იქნება უმკაცრესი აღსრულება, ვინაიდან თხოვნა აღარ ჭრის. ამიტომ, კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება აღსრულდება უმკაცრესად, რომ გადავარჩინოთ ადამიანები“, – განაცხადა რიჟვაძემ.

ამასთან, თორნიკე რიჟვაძემ მოუწოდა სხვადასხვა დაწესებულებას, ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, აღარ გამართონ ხალხმრავალი ღონისძიებები.

„მარტივად რომ გითხრათ, გუშინ იყო რამდენიმე ქორწილი და მინდა, ვთხოვო ამ კონკრეტულ დაწესებულებებს და მათაც, ვინც ამ ქორწილებს ატარებს, თუ ახლობლები, მშობლები, მოხუცები, შვილები უყვართ, ამ ვითარებაში ქორწილების გამართვა არის მათთვის პირდაპირ სიცოცხლისთვის რისკის შექმნა. ყველამ უნდა გავიაზროთ ეს და ექიმებსაც უნდა გავუფრთხილდეთ. დღეს თერაპიული და რეანიმაციული ადგილები არ არის ბათუმში არსად და ვიმატებთ ახალ საავადმყოფოებს. ამიტომ ნუ გვაიძულებთ, რომ ყველაზე ხისტ ღონისძიებებზე გადავიდეთ“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 5 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან თბილისში დაფიქსირდა 2 363 შემთხვევა, აჭარაში – 905, იმერეთი – 564, ქვემო ქართლში – 262, შიდა ქართლში – 285, გურიაში – 124, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 281, კახეთში – 340, მცხეთა-მთიანეთში -134, სამცხე-ჯავახეთში – 70, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 24.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 48 პაციენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები