ლიეტუვაში არავაქცინირებული მოქალაქეების აქცია ცრემლსადენი გაზით დაშალეს (ფოტო)

ლიეტუვის სეიმთან არავაქცინირებული მოქალაქეების აქცია არეულობის შემდეგ ცრემლსადენი გაზით დაშალეს.

 

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე “სეიმთან არეულობის მოწყობისთვის”.

 

ქვეყნის პოლიციის უფროსმა, რენატას პოჟელამ დაადასტურა, რომ ადგილზე პოლიციის დასახმარებლად სპეცრაზმი გამოიძახეს და რომ გამოყენებული იყო ფიზიკური ძალა სპეციალურ საშუალებებთან ერთად. კერძოდ, აქციის დროს რამდენჯერმე იყო გამოყენებული ცრემლსადენი გაზი.

 

პოჟელას თქმით, საპოლიციო ოპერაციის დროს ერთი ძალოვანი დაშავდა.

 

მისი თქმით, აქციის მონაწილეებს თავდაპირველად გაცხადებული ჰქონდათ, რომ პროტესტს 17:00 საათამდე გამოხატავდნენ, თუმცა, ამის შემდეგ ისინი არ დაიშალნენ და ტრანსპორტისა და სავალი ნაწილის ბლოკირება სცადეს.

 

ლიეტუვის პარლამენტთან არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ, კერძოდ, “შესაძლებლობის პასპორტის” დანერგვას.

 

ქვეყანაში “შესაძლებლობების პასპორტი” მაისიდან დაინერგა. მის მფლობელებს შეუძლიათ, ისარგებლონ საკარანტინო შეღავათებით. დოკუმენტის მოქმედების დასაწყისიდან, იგი გადმოწერილია 700,000 ადამიანის მიერ.

 

ქვეყნის მთავრობა 13 სექტემბრიდან გეგმავს, შეზღუდოს საკონტაქტო მომსახურების მიღება „შესაძლებლობის პასპორტების“არმქონე პირებისთვის, მათ შორის, საზოგადოებრივი, საგარეუბნო, საქალაქთაშორისო ტრანსპორტით, ტაქსის სერვისებით სარგებლობა. არავაქცინირებულ ადამიანებს, რომლებსაც არც ტესტი აქვთ გაკეთებული, შეეძლებათ, შევიდნენ მხოლოდ პატარა მაღაზიებში, მათ არ ექნებათ შესაძლებლობა, იარონ სავაჭრო ცენტრებში, სილამაზის სალონებში, კვების ობიექტებში, გასართობ ადგილებში ან დაესწრონ მასობრივ ღონისძიებებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები