„ჩვენი მუზეუმის კოლექციას თბილისის ევროპული წარსულის კიდევ ერთი საინტერესო და ლამაზი ფრაგმენტი შეემატა“

ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია ახალ შენაძენზე აქვეყნებს ინფორმაციას. ეს არის უცნობი ავტორის მიერ შესრულებული „ევროპული პორტრეტი“.
„მიუხედავად იმისა, რომ მძიმე დროებაა, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი შემოსავლები მინიმუმამდე დავიდა, ხელოვნების სასახლე, კულტურის სამინისტროს და სპონსორთა თანადგომით, მაინც ახერხებს ეროვნული სამუზეუმო კოლექციების შევსებას.
წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ შენაძენს: – „ევროპული პორტრეტი“. უცნობი ავტორი. ტილო-ზეთი. XIX საუკუნის II ნახევარი.
ჩვენი მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლებისა და რესტავრატორების კვლევამ ცხადყო, რომ წარმოდგენილი ნახატი სხვა უფრო დიდი ფერწერული ნამუშევრის ფრაგმენტია და იგი მოგვიანებითაა ამოჭრილი დიდი კომპოზიციიდან. გამოითქვა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ნახატი შესაძლოა, თბილისური სადარბაზოს გაფორმების ერთ-ერთ დეტალს წარმოადგენდეს და ის საბჭოთა პერიოდში უნდა მოეხსნათ კედლიდან. სამწუხაროდ, ნახატის მფლობელმა ნივთის ზუსტი წარმომავლობის შესახებ არაფერი იცოდა, მან ნამუშევარი მემკვიდრეობით წინაპრებისაგან მიიღო. ტილო სარესტავრაციოა. ამ პროცესის გავლის შემდეგ ის სასახლის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში დაიდებს ბინას. ასე რომ, ჩვენი მუზეუმის კოლექციას თბილისის ევროპული წარსულის კიდევ ერთი საინტერესო და ლამაზი ფრაგმენტი შეემატა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები