Pfizer-ი ბუსტერ დოზის სახით ახალ პრეპარატს შექმნის

 

შეერთებულ შტატებში ვაქცინირებულებისთვის პრეპარატის მესამე დოზის შესაყვანად ემზადებიან, რაც ახალი კორონავირუსისგან დაცვას გააძლიერებს.

“ამერიკის ხმის” ინფორმაციით, მესამე დოზა არ იქნება იგივე, რაც წინა ორი, არამედ შეიქმნება ახალი გამაძლიერებელი-ვაქცინა, რომელიც ბაზარზე სულ მალე გამოჩნდება.

Pfizer- ის წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს მისი მაღალი ეფექტურობის შესახებ, რაც დადასტურებულია კვლევის შედეგად.

თეთრი სახლის მთავარმა სამედიცინო მრჩეველმა, ენტონი ფაუჩიმ მესამე დოზით ვაქცინაციის დაწყება დააანონსა და მოუწოდა ამერიკელებს, აქტიურად გამოიყენონ ეს შესაძლებლობა.

მისი თქმით, სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებს ნაკლებად ექნებათ ძლიერი იმუნური პასუხი ორი დოზის შემდეგ, ხოლო ვაქცინის ეფექტურობა დროთა განმავლობაში დასუსტდება. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ ეს ეხებათ ხანდაზმულებს.

ფაუჩის თქმით, ვაქცინის მესამე დოზას მიიღებენ ხანდაზმულები და სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირები.

გასულ კვირას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა მოუწოდა ქვეყნების მთავრობებს, მესამე, ბუსტერ დოზის შეყვანაზე მორატორიუმი, სულ მცირე, სექტემბრის ბოლომდე გამოეცხადებინათ, რაც, მისი თქმით, ვაქცინების თანაბარ გადანაწილებას შეუწყობდა ხელს.

მისი თქმით, ჯანმო-ს მიზანია, სექტემბრის ბოლოსთვის მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მოსახლეობის, სულ მცირე, 10% იყოს ორივე დოზით აცრილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები