საქართველო საერთაშორისო სწავლება MAPLE ARCH 21-ს უმასპინძლებს
საქართველო პირველად უმასპინძლებს მრავალეროვნულ სამეთაურო-საშტაბო სწავლებას MAPLE ARCH 21. სწავლება კანადის თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სამხედრო წვრთნების თანამშრომლობის დირექტორის მენტორობით გაიმართება და მას ქართული მხარე, თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობა უხელმძღვანელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სწავლების სრულყოფილად და უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლების MAPLE ARCH 21 ძირითადი დაგეგმარების კონფრენეცია მიმდინარეობს. კონფერენცია საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ გახსნა, საერთაშორისო სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.
სწავლებაში მონაწილე ქართული მხარისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები კონფერენციაზე წვრთნების მიზნებსა და მისი წარმატებით აღსრულების საკითხებს განიხილავენ.
ორკვირიანი სამეთაურო-საშტაბო სწავლება ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ნოემბერში გაიმართება. MAPLE ARCH 21-ში კანადელ ინსტრუქტორებთან ერთად ქართველი ინსტრუქტორებიც იქნებიან ჩართულები. მასში კანადელი, ქართველი, ლიეტუველი, უკრაინელი, პოლონელი და თურქი სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს თავდაცვის ძალები კი, აღმოსავლეთის სარდლობის სხვადასხვა ქვედანაყოფისა და JTEC-ის პირადი შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი.