როდის აღიარებს ბელორუსი ყირიმს რუსეთის შემადგენლობაში – ლუკაშენკოს პასუხი
ბელორუსი რუსეთის შემადგენლობაში ყირიმის ნახევარკუნძულს მაშინ აღიარებს, როდესაც ტერიტორიაზე პროდუქციის მიწოდებას “უკანასკნელი რუსი ოლიგარქი” დაიწყებს.
ამის შესახებ “პრეზიდენტთან დიდი საუბრის” ფარგლებში ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.
“როდის აღიარებს ბელორუსი ყირიმს? საჯაროდ ვპასუხობ: როდესაც რუსეთის უკანასკნელი ოლიგარქი აღიარებს და დაიწყებს იქ საკვების მიწოდებას. ჩემი მხრიდან საკითხი არ დაყოვნდება”, – თქვა ლუკაშენკომ და დასძინა, რომ ამას გააკეთებს, მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრი რამე”ბოჭავს”.
მან ბუდაპეშტის დეკლარაცია გაიხსენა.
“გახსოვთ ბუდაპეშტის დეკლარაცია? მას ხელი მოვაწერეთ: ნაზარბაევმა, ელცინმა, ლუკაშენკომ, კლინტონმა. ვფიქრობ, ტონი ბლერი იყო დიდი ბრიტანეთიდან, ვიღაც იყო კიდევ. ჩვენ მას ხელი მოვაწერეთ, წაიკითხეთ. ჩემი ხელმოწერაა იქ, მაგრამ ამასაც გადავაბიჯებ, ხედავთ, უკრაინა რას აკეთებს? ხელები გახსნილი მაქვს ყირიმისთვის და სხვა ყველაფრისთვისაც”, – თქვა ლუკაშენკომ.