მიხეილ სარჯველაძე: საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით წინასწარი პროგნოზების გაკეთება რთულია
“საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით წინასწარი პროგნოზების გაკეთება ძალიან რთულია, რთულია, წინასწარ ვიცოდეთ, რა რეზულტატით წარიმართება და დასრულდება განხილვის პროცესი”, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ კითხვას, შარლ მიშელის შეთანხმებიდან მმართველი პარტიის გასვლის შემდეგ რამდენად მოსალოდნელია პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა.
მისივე თქმით, გადაწყვეტილება პოზიციების შეჯერების საფუძველზე მიიღება.
“საკონსტიტუციო ცვლილებები წარდგენილია. პროცედურა საყოველთაო-სახალხო განხილვის გამართვას ითვალისწინებს, რომელიც რეალური განხილვა უნდა იყოს. შესაბამისად, წარმოდგენილი იქნება პოზიციები, არგუმენტები, მოსაზრებები. გადაწყვეტილებები ამის შეჯერების საფუძველზე მიიღება და არა ისე, როგორც ეს ოპოზიციას უნდა, რომ დისკუსიები წინასწარ განსაზღვრული შინაარსით დამთავრდეს და წინასწარ იყოს ცნობილი, როგორ დამთავრდება განხილვები. ეს სწორი მიდგომა არ არის. ოპოზიციის სურვილია, საყოველთაო-სახალხო განხილვა ფორმალისტურად ჩატარდეს და ფორმალისტური განხილვის შემდეგ ის რეზულტატი ჰქონდეთ, რასაც ისინი უჭერენ მხარს. ინიციატივის წარდგენა და მასზე ხელმოწერა იმას არ ნიშნავს, რომ განხილვის პროცესში არ იქნება დისკუსია”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.