საფრანგეთში დღეიდან ძალაში შევიდა კოვიდრეგულაცია, რომლის მიხედვით კაფეში შესვლა, ტრანსპორტით გადაადგილება დაშვებული იქნება მხოლოდ მათთვის, ვისაც კოვიდპასპორტი აქვს, სადაც შეყვანილია ინფორმაცია ვაქცინაციის, გადატანილი დაავადების ან ტესტზე უარყოფითი პასუხის შესახებ.
ამის შესახებ DPA წერს.
მკაცრი წესები, რომლებიც ასევე 15 სექტემბრამდე ჯანდაცვის ყველა მუშაკის აცრას ითვალისწინებს, ძალაში დარჩება ნოემბრის შუა რიცხვებამდე და გავრცელდება 18 წელს ზემოთ პირებზე.
12 -დან 17 წლამდე მოზარდებს კოვიდპასპორტებს მხოლოდ 30 სექტემბრიდან მოსთხოვენ.
ჯანმრთელობის ციფრული ცნობის წარდგენა უკვე ივლისის შუა რიცხვებიდან სავალდებულოა კინოთეატრებში, მუზეუმებსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში.
ამასთანავე, როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივიე ვერანმა თქვა, ზოგიერთი ზომა ისეთი მკაცრი იქნება, როგორიც თავიდანვე იყო დაგეგმილი. მაგალითად, უარყოფითი ტესტი იმოქმედებს 72 საათის განმავლობაში და არა – 48 საათის, ასევე, დაშვებული იქნება დამოუკიდებელი სწრაფი ტესტების ჩატარება, თუ მათ მეთვალყურეობას ექიმი გაუწევს.
საფრანგეთის მთავრობის აღნიშნულ რეგულაციას ივლისის შუა რიცხვებიდან, ყოველ უქმეებზე აპროტესტებენ. უკანასკნელ აქციაზე 200 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა.