ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილის მოღალატეობრივმა პოლიტიკამ ჩვენი ქვეყანა ძალიან მძიმე რეალობის წინაშე დააყენა
“ჩვენი სახელმწიფოსა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულმა უმძიმესმა პროვოკაციამ, რომელიც არ თუ ვერ აიცილა სააკაშვილის მოღალატეობრივმა პოლიტიკამ, ჩვენი ქვეყანა ძალიან მძიმე რეალობის წინაშე დააყენა, რასაც წარმოადგენს ტერიტორიის 20%-ის რუსეთის მიერ ოკუპაცია”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სურს მოსახლეობას შეახსენოს, რომ აღნიშნულის მიუხედავად, სააკაშვილის ყოფილი გუნდის წევრები დღეს გამოდიან და პოლიტიკაში დარჩენას ბედავენ.
„ძალიან ბევრი სპეკულაცია მოვისმინე ჩემს განცხადებასთან დაკავშირებით. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ განვმარტო. ჩვენი სახელმწიფოსა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულმა უმძიმესმა პროვოკაციამ, რომელიც არ თუ ვერ აიცილა სააკაშვილის მოღალატეობრივმა პოლიტიკამ, ამან ჩვენი ქვეყანა ძალიან მძიმე რეალობის წინაშე დააყენა, რასაც წარმოადგენს ტერიტორიის 20%-ის რუსეთის მიერ ოკუპაცია და ძირძველი ტერიტორიების ე.წ. აღიარება. მათ შორის, იმ ძირძველი ტერიტორიის, ცხინვალის რეგიონს ვგულისხმობ, რომელსაც მოღალატე სააკაშვილი „ქვების გროვას“ უწოდებდა. ესაა მისი სიტყვები. ეს ჩემი ინტერპრეტაცია არ არის.
მინდა მოსახლეობას შევახსენო – სწორედ ეს ადამიანებია, რომლებიც დღეს გამოდიან და ბედავენ, ჯერ ერთი, ბედავენ პოლიტიკაში დარჩენას. ის ძალა, რომელმაც ქვეყნის ტერიტორიის 20% რუსეთს დაუკანონა და ოკუპაცია მოახდენინა. უამრავი ადამიანი ჩაიხოცა, კონცერტი მოაწყვეს, სამარცხვინო, მართლაც კატასტროფული სურათი ვიხილეთ რუსთაველზე. 9 აგვისტოს ვიხილეთ იმდროინდელი პრეზიდენტ, სააკაშვილის სამარცხვინო სიცილი, ვითომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე, იმ დროს, როდესაც ჩვენი გმირი ჯარისკაცები იხოცებოდნენ! აი, ეს არის ღალატი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე!
ასევე, კიდევ ერთი მინდა ვთქვა – წინა ხელისუფლების ლიდერები, მათ შორის, მინდა ვთქვა კანდელაკი, გაბაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, გივი თარგამაძე და დავით დარჩიაშვილი – ამ ადამიანებმა, ასე ვთქვათ, სააკაშვილის მანდატით, ხელი მოაწერეს ევროპის საბჭოს კაპიტულანტურ რეზოლუციას, სადაც კონფლიქტის დაწყებაში ჩვენი სამხედრო ძალებია დადანაშაულებული. წინა ხელისუფლების ლიდერებმა ამ განმარტებას სააკაშვილის დავალებით მოაწერეს ხელი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.