ირაკლი ღარიბაშვილი: დღევანდელი დღე გვახსენებს, რომ ყველანი უნდა გავერთიანდეთ, მხოლოდ ერთობით არის შესაძლებელი ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია
“დღევანდელი დღე ჩვენი, ყველას ტკივილია, 13 წელი გავიდა აგვისტოს ომის ტრაგიკული დღეებიდან, ყველაზე მეტად ვინც დაზარალდა, ეს არის სწორედ ჩვენი ხალხი, ყველაზე მძიმედ ეს ყველაფერი თავის თავზე ჩვენმა მოსახლეობამ, განსაკუთრებით გორის მოსახლეობამ გადაიტანა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გორში განაცხადა, სადაც, რუსეთ-საქართველოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მთელი საზოგადოების გაერთიანების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მხოლოდ ერთობით არის შესაძლებელი ქვეყნის დეოკუპაცია.
„მე მთელი ბავშვობა აქ გავატარე, სოფელ დიცში და მახსოვს, როგორი მძიმე იყო სოფლის მოსახლეობის ყოფა, მათი განცდები, ემოციები. შემდეგ ერთ-ერთი სოფელი ერედვი, რომელიც, სამწუხაროდ ამ ოკუპაციის შედეგად, ასევე გავიდა ჩვენი კონტროლის ზონიდან, ძალიან კარგად მესმის ეს, ვინაიდან, ბავშვობა ამ სოფელში მაქვს გატარებული. დღევანდელი დღე გვახსენებს იმას, რომ ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ. ერთიანობით, მხოლოდ ერთობით არის შესაძლებელი ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია. ჩვენ რა გზავნილს ვუგზავნით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც ხედავენ, რომ ჩვენ ჯერ შიგნით არ ვართ მტკიცედ ჩამოყალიბებული, არ ვდგავართ მტკიცედ და არ ვართ გაერთიანებული, ეს არის ძალიან ცუდი ნიშანი. ამ დღეს მაინც, მინდა ვისურვო, ჩვენ ყველანი გავერთიანდეთ, ქედი მოვიხაროთ ჩვენი დაღუპული გმირების, მათი ოჯახების, მათი ხსოვნის წინაშე”, – განაცხადა პრემიერმა.