სალომე ზურაბიშვილი: ჩვენს მიერ არჩეულ გზას, ნატო-ში ინტეგრაციის გზას მივყავართ სტაბილურობისა და უსაფრთხოებისკენ

 

“ჩვენს მიერ არჩეულ გზას, ნატო-ში ინტეგრაციის გზას მივყავართ სტაბილურობისა და უსაფრთხოებისკენ”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2021-ის დახურვის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ნატო-ში ინტეგრაციისკენ კვლავ ერთგულად და დაუღალავად ისწრაფვის.

„საქართველოს სამხედრო ინდუსტრიას მინდა ვუსურვო განვითარება, რაც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და ეკონომიკის გაძლიერებას ხელს შეუწყობს. საქართველო კვლავ ერთგულად და დაუღალავად ისწრაფვის არჩეული მიზნისკენ – ნატო-ში ინტეგრაციისკენ. ამ რთულ და საპასუხისმგებლო გზაზე უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობას და ურთიეთრთთავსებადობას. საქართველოში განხორციელებული მრავალეროვნული სამხედრო სწავლების დინამიკა ადასტურებს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას რეგიონის, შავი ზღვის უსაფრთხოების, განმტკიცებისა და შენარჩუნების პროცესში. ნათელია, რომ დღეს მსოფლიოს, ამა თუ იმ რეგიონის უსაფრთხოება და მშვიდობა აღარ არის უშუალოდ რეგიონში გეოგრაფიულად მდებარე ქვეყნების პრობლემა და საზრუნავი. რეგიონული უსაფრთხოება და მშვიდობა გლობალური უსაფრთხოებისა და მშვიდობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ეს რეალობა საქართველოს აქვს კარგად გათვითცნობიერებული. ჩვენს მიერ არჩეულ გზას, ნატო-ში ინტეგრაციის გზას მივყავართ სტაბილურობისა და უსაფრთხოებისკენ. ამ გზაზე ერთგულად სვლით, ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის გაძლიერებით დავამტკიცებთ რეგიონის სტაბილურობას და უსაფრთხოებას, რაც მსოფლიო მშვიდობის განმტკიცების საწინდარია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები