სერგო ჩიხლაძე: ირაკლი კობახიძის განცხადება რიგგარეშე არჩევნებზე არის სუსტი
“ირაკლი კობახიძის განცხადება რიგგარეშე არჩევნებზე რეალობას აცდენილი ადამიანის პოზიციიდანაა ნათქვამი”, – ასე ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი სერგო ჩიხლაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას.
მისივე თქმით, მმართველ გუნდს გადათქმები ჩვევია.
“ეს არ არის პირველი განცხადება, როცა “ქართული ოცნება” გადათქვამს თავისივე პირობას, ასე იყო პროპორციული სისტემის ჩაგდებაზე, ასეა შარლ მიშელის დოკუმენტზე, საერთოდ სჩვევია “ქართულ ოცნებას” გადათქვას ადრე ნათქვამი. ასე რომ, ახლა, როცა ამბობს, რომ 2024 წლამდე არ იქნება არჩევნები, მას მოუწევს გადათქმა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. კობახიძის ეს ფრაზა არის სუსტი და რეალობას აცდენილი ადამიანის პოზიციიდან ნათქვამი. ჩვენ ვიცით მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებები და ასევე ვიცით, რომ მათივე კვლევებითაც 30 პროცენტზე მეტი არ უგროვდება “ქართულ ოცნებას,” როგორც წარმოგიდგენიათ 1/3-ის მხარდაჭერის პირობებში უვადოდ დარჩნენ ხელისუფლებაში, ეს არ არის ლუკაშენკოს ბელარუსი და არც პუტინის რუსეთი. მათ ეშინიათ და ამიტომ აკეთებენ რეალობისგან აცდენილ განცხადებებს”,- განაცხადა ჩიხლაძემ.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2024 წლამდე არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება.