გებრეისუსი: კაცობრიობა ნამდვილი საფრთხის ეტაპში შედის და კოვიდ19-თან დაკავშირებით ბევრი მიღწევა ამჟამად იკარგება

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, კაცობრიობა “ნამდვილი საფრთხის ეტაპში” შედის და კორონავირუსთან ბრძოლის ბევრი მიღწევა ამჟამად “ეროზიას ექვემდებარება”.

ამის შესახებ მან ჟენევაში ბრიფინგზე განაცხადა.

“მსოფლიო ახლა იმყოფება რეალური საფრთხის პერიოდში. ბევრი მიღწევა, რომელიც გვაქვს, ახლა ეროზიას ექვემდებარება”, – თქვა მან.

გებრეისუსმა ხაზი გაუსვა, რომ ინფექციის გავრცელებას ხელს უწყობს სოციალური კონტაქტების გაზრდა, ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი პოლიტიკის არათანმიმდევრული ზომები და არათანაბარი ვაქცინაცია.

მან მსოფლიოს შეახსენა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 80% -ზე მეტი მაღალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში წავიდა.

გებრეისუსმა დღეს შექმნილ ვითარებას არასწორი უწოდა, როდესაც დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების ჯანდაცვის მუშაკები „არ იღებენ ვაქცინას“, ხოლო სხვა ქვეყნებში ვაქცინაციას გადიან ისეთი მოქალაქეები, რომლებსაც ინფიცირების მაღალი რისკი არ გააჩნიათ.

”რთულად მოპოვებული მიღწევები პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში იკარგება, ჯანდაცვის სისტემები გადატვირთულია, რადგან ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა ქმნის სიცოცხლის გადასარჩენად საჭირო სამკურნალო საშუალებების დეფიციტს,”-თქვა გებრეისუსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები