„ჩემი თეატრი ჩემი პატარა ცხინვალია“…

ცხინვალი მისი მშობლიური ქალაქია. იქ შეუყვარდა თეატრიც, მუსიკაც, ზოგადად, ხელოვნებაც… თეატრალურ განათლებასთან ერთად  მუსიკალური განათლებაც მიიღო.
ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული თეატრის არტისტი წერს სიმღერებს,
ასრულებს  სახასიათო თუ დრამატულ როლებს. მრავალი ღონისძიების სცენარის ავტორი და რეჟისორია, მრავალი კონკურსის ლაურეატი, მაგრამ საყვარელი ქალაქის მონატრება მუდამ თან სდევს. სამომავლოდ აპირებს სიმღერების კრებულის გამოცემას, ასევე  ელოდება თეატრალურ სეზონს ახალი როლების მოლოდინში. – დალი დოიჯაშვილის პერსონა.
– დავიბადე და გავიზარდე ქალაქ ცხინვალში, პედაგოგების ტრადიციულ ოჯახში. ადრეული ასაკიდან ზუსტად ვიცოდი, რა მინდოდა.  თეატრზე, მუსიკაზე, ხელოვნებაზე უზომოდ ვიყავი შეყვარებული, ამიტომ ვერ გავყევი მშობლების კვალს და სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე.  არჩევანს ვერ ვაკეთებდი მუსიკასა და თეატრს შორის, რადგან ორივე ერთნაირი ძალით მიყვარდა. თეატრალურ განათლებასთან ერთად  მუსიკალური განათლებაც მივიღე. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მიზნობრივი ადგილით პეტერბურგის ასპირანტურაში გამიშვეს, თუმცა არ დავამთავრე.
სადაც არ უნდა წავსულიყავი, ჩემი ქალაქის სიყვარული და მონატრება უკან მაბრუნებდა, ვერ შევეგუე სამშობლოსგან შორს ყოფნას. ჩემთვის სამშობლო ცხინვალიდან იწყება. ვერ ვძლებდი ჩემი ცხინვალის გარეშე, ახლაც მიკვირს, ამდენი ხანი რა მაძლებინებს.
– ცხინვალის თეატრის მსახიობი ხართ. თეატრის სცენამ ყველა სხვა საქმე გადაწონა…

აკ. წერეთელი – ,,გუშინწინ, გუშინ, დღეს”

– წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობაზე ვიმუშავე: ვიყავი სამეცნიერო მეთოდური ცენტრის  განყოფილების გამგე, თეატრალური კავშირის კონსულტანტი, კულტურის ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ხელოვნების სტუდიის ხელმძღვანელი, თუმცა სცენისკენ მიწევდა გული და ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული თეატრის არტისტი გავხდი. ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო ჩემს ცხოვრებაში.
ჩემი პირველი როლი ცხინვალის თეატრში ლელა იყო, გაჩეჩილაძის „ბახტრიონში“, ვაჟა-ფშაველას მიხედვით. რეჟისორი – ლერი პაქსაშვილი. ლაღი, მხიარული, სიცოცხლით სავსე ლელას ბუნება თითქოს ესადაგებოდა ჩემს ხასიათს, ალბათ ამიტომ გახდა ჩემი საყვარელი როლი. იმ დროს ქალაქში ვითარება დაძაბული იყო, საკმაოდ იგრძნობოდა ანტიქართული განწყობა.
არასდროს დამავიწყდება, სპექტაკლის დროს  თეატრის თავზე ქართული დროშა ფრიალებდა, სპექტაკლის ბოლოს კი აპლოდისმენტებთან ერთად დარბაზში სიმღერის – „ჩემო კარგო ქვეყანა“  ჰანგები  ისმოდა.
მწარე მოგონება, რომელიც სამმა ათეულმა წელმა დამიტოვა, აფერმკრთალებს იმ ლამაზ და ლაღ ცხოვრებას, რომელიც ჩემს საყვარელ ქალაქთან მაკავშირებს.
ცხინვალო –  ჩემი ოცნების ქალაქო!
ცხინვალო –  ჩემო ბავშვობის არაკო!
ცხინვალო  – საფიცარო დედა!
გულო, ჩემო ნატყვიარო,
სულო ჩემო დარდიანო,
გენატრებით, გენატრებით, ნეტა?’’
სწორედ ამ სიმღერით – „ჩემი ბავშვობის არაკო’’ გამიცნო საზოგადოებამ 2007 წლის მუსიკალურ კონკურსზე „პატრინოტი“.
– ბევრი სიმღერის ავტორი ხართ. როგორ იწერება ეს სიმღერები?

„ჯაყო“ – ნინა

– პატრიოტულ სიმღერებს მოჰყვა ქალაქური და ლირიკული სიმღერები. ჩემი პოეტი მეგობრების ლექსებზე ვწერ სიმღერებს, გულსაც ვახარებ და მათაც. სიმღერების უმეტესობა ციცინო ბაბუციძის ლექსებზე დაიწერა. ის მარტო ჩემი მეგობარი არ არის, მეგობარზე მეტია, უსიტყვოდ ესმის, რა მსურს. მას მე საკუთარ პოეტს ვეძახი. სიმღერები დავწერე  მაია ხოფერიას, ლია ჭიღლაძის, ეთერ მათურელის,  ნინო მარსაგიშვილის, დავით ახლოურის ლექსებზე…
ზოგჯერ მუსიკა ლექსთან ერთად მესმის, უფრო ქალაქური სიმღერები მაქვს საკუთარ ლექსებზე. ქალბატონი ეთერ მათურელის ლექსზე შექმნილმა სიმღერამ „შენს მოსვლას აქ დაველოდები“ კონკურსზე „სიონის ზარები“ სპეციალური პრიზი მიიღო. ბევრი შემსრულებელი ჰყავს ამ სიმღერას „იუთუბიზე“.  შემთხვევით ვნახე, ახმეტელის თეატრის ერთ-ერთ სპექტაკლშიც კი მღეროდნენ, თუმცა არავინ იცის, რომ ჩემი სიმღერაა…
– ცხინვალის თეატრში – უცხინვალოდ დიდი ტკივილია… მაგრამ ყველას აქვს იმედი დაბრუნებისა…
– ცხინვალის თეატრი ჩემი მეორე სახლია, არა მეორე არა, ალბათ პირველი. იქ რომ მივდივარ მგონია, ჩემი ცხინვალის სახლში ვარ, იგივე განცდა მეუფლება, ალბათ ეს მატანინებს ჩემს დანაკარგს. ჩემი თეატრი ჩემი პატარა ცხინვალია და ვიდრე ცხინვალის თეატრი იარსებებს და მყარად იდგება, ჩემი სახლიც მყარად იქნება ჩემს გულში.
ოცნება ის უხილავი ძალაა, რომელიც გვამოძრავებს და ამ მოძრაობაში ხდება იგი რეალიზებადი, ჩემთვის ოცნება აუცილებელია, რათა იმედი არ დავკარგო, იმედი ცხინვალში დაბრუნებისა. მჯერა,  ერთ მშვენიერ დღეს, მშობლიურ სახლში გამეღვიძება! გამოვაღებ სარკმელს და ვიტყვი: „დილა მშვიდობისა, ჩემო ცხინვალო“. ეს დღე აუცილებლად დადგება და ეს დღე იქნება ყველაზე ლამაზი და მშვენიერი ჩემს ცხოვრებაში!
თეატრის სცენაზე არასდროს მომკლებია  სახასიათო თუ დრამატული როლები. მრავალი ღონისძიების სცენარის ავტორი და რეჟისორი ვარ, მრავალი კონკურსის ლაურეატი, მაგრამ უმთავრესი ჩემთვის მაინც დედობაა. თორნიკე და ანა ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი და ლამაზი ფურცელია, მათ გვერდით თავს ბედნიერად ვგრძნობ და ვთვლი, რომ ცხოვრება მშვენიერია…
– ცხინვალის თეატრს შენობის პრობლემა აქვს.  თუ დაწყებულია განახლების პროცესი?

„კვაჭი“ – პუპი

– ცხინვალის  თეატრს, ოცდაათწლიანი დევნილობის შემდეგ.  2019 წელს გადმოგვეცა შენობა პეტრიაშვილის №7- ში.  შენობის რეაბილიტაცია ჯერ არ დაწყებულა, თუმცა წელს ჩვენი სამხატვრო ხელმძღვანელის ბატონი გოჩა კაპანაძის  ძალისხმევით და დიდი შრომით  ღია სივრცის რეაბილიტაცია მოხდა.25 ივნისს საზეიმო გახსნა მოხდა სპექტაკლით ,,ჯაყო”. მაჩაბლის დასი ვერაზე სექტემბრიდან ელოდება  მაყურებელს  ახალ ღია სივრცეში.
– როლები…
– ყველა როლი მიყვარს, მათზე მუშაობის პროცესში უახლოვდები და ითავისებ გმირს. შენი ნაწილი ხდება. თუმცა მაინც გამოვარჩევ ჯავახიშვილის „ჯაყოს” – ნინას, ჯაყოს ცოლს.
„კვაჭი” – პუპის, კვაჭის დედას. დუმბაძის „მე ბებია, ილიკო და ილარიონი”, ჯოკონდა მასწავლებელს. გარსია ლორკას ,,სისხლიანი ქორწილი” – ლეონარდოს ცოლს. მაგრამ პირველი როლი „ბახტრიონ ში“  ლელა  ჩემი თეატრალური მოღვაწეობის თილისმაა.
– სამომავლო გეგმები…
– სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, პირველ რიგში ჩემი სიმღერები მინდა ჩავწერო . არანჟირება ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, ჩემი ხელფასით ვერ შევძლებ. ამიტომ წიგნად მინდა გამოვცე. დიდი იმედით ველოდები ახალ სეზონს თეატრში, სადაც საინტერესო მუშაობა მელის.

 

 თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები