ალან ტადტაევი: რუსეთს შეუძლია წარადგინოს ყველა დოკუმენტი სამხრეთ ოსეთის აღიარების დასაბუთების მიზნით

“დასავლეთის ქვეყნების განცხადება არის ორმაგი სტანდარტების დემონსტრირება”, – განაცხადა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის ე.წ. სპიკერმა ალან ტადტაევმა.

აღნიშნულით ის აშშ-ის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ნორვეგიის, ირლანდიის, ესტონეთის და ალბანეთის წარმომადგენელთა განცხადებას გამოეხმაურა, რომლებმაც რუსეთს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ე.წ დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღებისკენ მოუწოდეს.

”ამ ქვეყნების ხელმძღვანელებთან მაქვს საწინააღმდეგო შეკითხვა. რატომ არ ისმენდნენ სამხრეთ ოსეთის ყივილს დახმარების შესახებ 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, 1989 წლიდან 2008 წლამდე, როდესაც სამხრეთ ოსეთი მიმართავდა მთელ საერთაშორისო საზოგადოებას რესპუბლიკის მოსახლეობა ქართული ფაშიზმისგან დაეცვათ? ეს არის ორმაგი სტანდარტების გამოვლინება, ” – თქვა ტადტაევმა.

მისი თქმით, მიღებული განცხადება არაფერს ცვლის.

”სამხრეთ ოსეთი თავის გზას აყალიბებს ხალხის ნების შესაბამისად. ჩვენ ჩავატარეთ რეფერენდუმები, სადაც ჩვენმა ხალხმა განსაზღვრა თავისი შემდგომი გზა რუსეთთან ერთად. დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესში სამხრეთ ოსეთმა არ დაარღვია არც ერთი საერთაშორისო კანონი. დღეს კი, რუსეთის ფედერაციისადმი ასეთი მიმართვები შეუსაბამოა, რადგან რუსეთს შეუძლია წარადგინოს ყველა დოკუმენტი სამხრეთ ოსეთის აღიარების დასაბუთების მიზნით,” – აღნიშნა მომხსენებელმა.

მან დასძინა, რომ უნდა იყოს გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ ოსმა ხალხმა, განსაზღვრა თავისი გზა რუსეთთან ერთად ჯერ კიდევ 1774 წელს, როდესაც გაერთიანებული ოსეთიდან პირველი ელჩები გაგზავნეს რუსეთში და სთხოვეს მფარველობა და შეერთება იმპერიაში.

ტადტაევის თქმით, დასავლეთის ქვეყნების განცხადებებს უნდა დაეგმო სამხრეთ ოსეთის მიმართ საქართველოს ქმედებები.

”ამ განცხადებებს განსხვავებული ხასიათი უნდა ჰქონდეს, ისინი უნდა გმობდნენ საქართველოს ჩადენილისთვის. მე-20 საუკუნის სამხრეთ ოსეთის გენოციდისათვის, 1989 წლიდან 2008 წლამდე ომებისთვის. როგორი განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს დასავლეთის ქვეყნების მხრიდან, მათ უნდა გაამართლონ თავიანთი ქმედებები, რომლებიც ამძაფრებს სიტუაციას სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის. ნატო-ს ქვეყნების მიერ განხორციელებულ ქმედებებს,რომლებიც სამხრეთ ოსეთის უშუალო სიახლოვეს ტარდება. სწორედ ეს არის სიტუაციის დესტაბილიზაცია,” – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები