რუსეთი უკრაინის ტერიტორიულ წყლებში საერთაშორისო სამართალის ნორმებს არღვევს

დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტის გამანადგურებელი HMS Defender-ი ოდესიდან საქართველოს მიმართულებით მიცურავდა, როდესაც რუსეთი მის დაბრკოლებას შეეცადა. კრემლის პროვოკაციას 23 ივნისს ჰქონდა ადგილი თითქოს იმ მოტივით, რომ ბრიტანეთის სამხედრო გემი „რუსეთის ტერიტორიულ წყლებში“ შევიდა, რაც ყოველგვარ სიმართლეს არის მოკლებული. 2014 წლიდან მოყოლებული, პუტინი უკრაინის ტერიტორიების მითვისებას აგრძელებს, ხოლო ყირიმის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე უკანონოდ დისლოცირებული  რუსული სამხედრო ძალები, მათ შორის საზღვაო ფლოტი, საერთაშორისო სამართლის ნორმებს უხეშად არღვევს.

რუსეთის მმართველი პოლიტიკური წრეები მათსავე მოწყობილ პროვოკაციას ჩვეული აგრესიული რიტორიკით გამოეხმაურნენ. „ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია გონიერებისკენ მოვუწოდოთ და საერთაშორისო კანონმდებლობის პატივისცემა მოვთხოვოთ დასავლეთს. თუ ეს საკმარისი არ იქნება, მაშინ შეგვიძლია დავბომბოთ უშუალოდ სამიზნეც. ჩვენ საკუთარი საზღვრების სადარაჯოზე ვიდგებით არა მხოლოდ დიპლომატიური და პოლიტიკური, არამედ თუ საჭირო გახდა სამხედრო საშუალებებით“ – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო რუსეთის მხრიდან გამაფრთხილებელი გასროლის ფაქტი და განაცხადა, რომ ბრიტანული სამხედრო გემი არა რუსეთის, არამედ უკრაინის ტერიტორიულ წყლებში იმყოფებოდა და საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის და საქართველოს დამაკავშირებელ მარშრუტს მიყვებოდა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომისა და 2014 წლის უკრაინის ყირიმის ანექსიის შემდეგ, რუსეთი შავ ზღვაში შეიარაღებით უპირობოდ დომინირებს. მის განკარგულებაშია შორეული მოქმედების ფრთოსანი რაკეტა „კალიბრით“ აღჭურვილი 6 ახალი წყალქვეშა ნავი და დიდი სიშორის „ბასტიონის“ კლასის სანაპირო დაცვის სარაკეტო კომპლექსი ყირიმში, რომელსაც შავ ზღვაში ნებისმიერ მცურავ სამიზნეზე შეუძლია იერიშის მიტანა.

საერთაშორისო საზოგადოების არაერთი მოწოდების თუ სანქციების ფონზე, კრემლი შავი ზღვის მილიტარიზაციას უკანონოდ აგრძელებს, არღვევს უკრაინის და საქართველოს სუვერენიტეტს და საერთაშორისო მშვიდობას ემუქრება. ბრიტანულ სამხედრო გემთან დაკავშირებული ინციდენტიც ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია.

რუსეთი უკანონოდ მიტაცებული ყირიმის ტერიტორიაზე არა მხოლოდ საერთაშორისო საზღვაო სამართალს, არამედ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსაც უხეშად არღვევს. პუტინის რეჟიმი ყირიმელი თათრების წინააღმდეგ რეპრესიებს ახორციელებს და ნახევარკუნძულზე მცხოვრებ ადამიანებს გადაადგილების თავისუფლებას უზღუდავს. რუსეთი აგრესორი და მოძალადე სახელმწიფოა, რომელიც ყოველთვის იქ ჩნდება, სადაც არაფერი ესაქმება. მიუხედავად ამისა, ბრიტანეთის სამხედრო ხომალდმა, რომელმაც პრინციპული მარშრუტით უკრაინიდან საქართველოში იმოგზაურა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აჩვენა პუტინის რუსეთს, რომ საერთაშორისო საზოგადოება კრემლის სამხედრო აგრესიასთან შეგუებას არ აპირებს და ადრე თუ გვიან რუსეთის უკანონო ქმედებებს ბოლო მოეღება.

კახა გორგაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები