3 აგვისტო იოსებ გრიშაშვილის გარდაცვალების დღეა

3 აგვისტო პოეტ იოსებ მამულაშვილის (გრიშაშვილის) გარდაცვალების დღეა
დაიბადა 1889 წლის 24 აპრილს თბილისში.
ჭაბუკობიდანვე დაუახლოვდა ქართულ თეატრს. იყო სუფლიორი, მსახიობი, წერდა პატარა პიესებსა და ლექსებს.
იოსებ გრიშაშვილი სამწერლო ასპარეზზე 1905 წელს გამოვიდა. 1919 წელს, როგორც თავისუფალი მსმენელი, ლექციებს ისმენს თბილისის უნივერსიტეტში. სწავლის პარალელურად ი. გრიშაშვილი ნაყოფიერ შემოქმედებით და საზოგადოებრივ შრომას ეწევა.
გრიშაშვილი XX საუკუნის ქართული ვერსიფიკაციის ერთ-ერთი რეფორმატორია; მისი ლექსების ორიგინალური რიტმი და რითმა, შთამბეჭდავი პოეტური ტროპები, ოსტატური ბგერწერა ზედმიწევნით გამოხატავს პოეტის იდეურ ჩანაფიქრს.
იოსებ გრიშაშვილის შემოქმედების ქვაკუთხედი მაინც თბილისის თემაა. პოეტმა თბილისს მრავალი ლექსი და გამოკვლევა უძღვვნა. პოეტის თქმით, თბილისი იყო მისი ლექსების შთამაგონებელი: “თბილისის მეზვრე დავრჩები მუდამ სიყვარულიდან სიყვარულამდე”.
გრიშაშვილს ეკუთვნის საყურადღებო ლიტერატურული გამოკვლევები: „საიათნოვა” (1914-1918); „ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა” (1926-1927), ნაშრომები ა. ჭავჭავაძის, ი. ჭავჭავაძის, ა. ყაზბეგის, მ. ლერმონტოვისა და სხვა მწერლების შესახებ.
თარგმნა სომხური და აზერბაიჯანული ლიტერატურის ბევრი კლასიკური ნიმუში, ანა ახმატოვას, სერგეი მიხალკოვის, სტეფანე შჩიპაჩოვის, ვერა ინბერისა და სხვების ლექსები. ი. გრიშაშვილი ბავშვობიდანვე უყრის საფუძველს საკუთარ უნიკალურ წიგნსაცავს. აღნიშნული უნიკალური წიგნსაცავი და სამუზეუმო რელიკვიები, პოეტის ანდერძის თანახმად, უსასყიდლოდ გადაეცა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას.
1959 წელს მას მიენიჭა საქართველოს სახალხო პოეტის წოდება,  1950 წელს – სსრკ სახელმწიფო პრემია,
1945 წელს – სომხეთის სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება.
მიღებული ჰქონდა შრომის წითელი დროშის ორდენი.
გარდაიცვალა 1965 წლის 3 აგვისტოს  (76 წლის ასაკში).
დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები