ერგნეთში სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომებში დაღუპულების ხსოვნის დღე აღინიშნა
შიდა ქართლში, საზღვრისპირა სოფელ ერგნეთში სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომებში დაღუპულების ხსოვნის დღე აღინიშნა.
ერგნეთის სკოლის ეზოში მდებარე მემორიალთან მამა ათანასემ გარდაცვლილთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
სიტყვით გამოვიდნენ: ცხინვალის თეატრის მსახიობი დალილა დოიჯაშვილი, მეცნიერი, ბიზანტიოლოგი ნელი მახარაძე, აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული პირველი ერგნეთელის, კობა კასრაძის დედა – ნაზი კასრაძე, მწერალი იოსებ სიბოშვილი, პოეტები: ციცინო ბაბუციძე, თამარ შაიშმელაშვილი, თამარ მეტრეველი…
ამ ღონისძიების სულისჩამდგმელი იყო ერგნეთის მკვიდრი მოსახლე, მკურნალი და ქველმოქმედი ანზორ. ჩლაიძე, ვისი თაოსნობით და მხარდაჭერითაც დაიდგა ხსენებული მემორიალი.
ამ მემორიალიდან ერთი ხელის გაწვდენაზეა ე.წ. ხელოვნური საზღვარი, საოკუპაციო ხაზი. აგვისტოს ომის დროს დანგრეულ სოფელში მოსახლეობა დაბრუნდა, აღადგინეს საკუთარი სახლები. ე.წ. საოკუპაციო ხაზთან სკოლის ზარი ირეკება და 80 მოსწავლე აღებს სკოლის კარს…
ყოველწლიურად, ივლისის ბოლო კვირას, სკოლის ეზოში იკრიბება უამრავი სტუმარი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით კი ესწრება პატრიარქის მგალობელი გუნდი.
ხსოვნის დღე 2009 წელს პირველად აღინიშნა ერგნეთში. წლეულს კი, პანდემიის გამო, მეთერთმეტე ღონისძიება მოკრძალებულად ჩატარდა.
თამარ შაიშმელაშვილი