„ილიაობა” საგურამოს სახლში
2 აგვისტოს, ილია ჭავჭვაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში „ილიაობის” დღესასწაული იმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, „ილიაობა” ის დღესასწაულია, რომლის აღნიშვნაც ილიას ძალიან უყვარდა. დიდი ზეიმი და სტუმრიანობა იმართებოდა საგურამოს სახლში. საქართველოს კუთხეებიდან ჩამოსულ სტუმრებს ეზო ვეღარ იტევდა.
ილიას სახლის ეზო კვლავაც ღიაა „ილიაობის” დღესასწაულზე დასწრების მსურველთათვის და მასპინძლობს ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ სტუმარს.
„უკვე ტრადიციად ქცეული ფორმატით, 2021 წლის 2 აგვისტოს მასპინძელი სამცხე-ჯავახეთის მხარე იქნება. „ილიაობას” საგურამოში წარმოგიდგენთ ამ მხარეთა კულტურას – ფოლკლორს, პოეზიას, მხატვრობას…
„ილიაობის” დღესასწაული 2014 წელს, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის, ანდრო ბედუკაძის ინიციატივით აღდგა. განახლებული ფორმატის მიხედვით ყოველი წლის 2 აგვისტოს, „ილიაობის” მასპინძლები საგურამოში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული კუთხეები ხდებიან. ნიშნად იმისა, რომ ილია ჭავჭავაძე ერთიანი საქართველოს სიმბოლოა და ილიას სახლი სრულიად საქართველოს სახლია“, – აღნიშნულია მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.