ხვალიდან გერმანიაში შესვლისას მგზავრთა უმეტესობისთვის კორონავირუსზე ტესტის ჩაბარება სავალდებულო გახდება
გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, 1-ელი აგვისტოდან ქვეყანაში შესვლისას მგზავრთა უმეტესობისთვის კორონავირუსზე ტესტის ჩაბარება სავალდებულო გახდება.
გერმანული გამოცემა Bild წერდა, რომ ტესტის ჩაბარების ვალდებულებისგან გათავისუფლდებოდნენ მხოლოდ 12 წლამდე ბავშვები, ასევე ის პირები, ვინც გერმანიის გავლით ტრანზიტით მგზავრობენ, რეგულარულად კვეთენ გერმანიის საზღვარს სამსახურის გამო ან ფლობენ ე.წ. კოვიდსერტიფიქატს. ამავდროულად, იმ ქვეყნებიდან ჩასულ მგზავრებს, სადაც კორონავირუსის მუტირებული ვარიანტებია გავრცელებული, ვაქცინაციის შემთხვევაშიც მოუწევთ ტესტის ჩაბარება.
როგორც „დოიჩე ველე“ წერს, გერმანიაში შესვლისას კორონავირუსზე უარყოფითი ტესტის წარდგენის ვალდებულება უკვე ძალაშია საჰაერო ტრანსპორტის მგზავრებისთვის. ახლა ის შეეხება მათ, ვინც ქვეყანაში მანქანით, ზღვით ან რკინიგზით შედიან. მოსალოდნელია, რომ შესაბამის დოკუმენტებს პოლიცია საზღვარზე გააკონტროლებს.