ვიოლა ფონ კრამონი: “ნაცმოძრაობის“ არაკონსტრუქციულმა ქმედებებმა „ქართულ ოცნებას“ საკმაოდ ხელსაყრელი ქვეტექსტი მისცა
ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტრუქციულმა ქმედებებმა და უარის თქმამ შეთანხმებაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით, „ქართულ ოცნებას“ ხელსაყრელი ქვეტექსტი მისცა.
„მე არასდროს ვუჭერდი მხარს ბოიკოტს და ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას მოვუწოდებდი, რომ ერთგული ყოფილიყვნენ იმ დოკუმენტისა, რომელიც გაფორმდა და იმ ვალდებულებისა, რომლებიც მათ აიღეს. „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტრუქციულმა ქმედებებმა და უარის თქმამ შეთანხმებაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით, „ქართულ ოცნებას“ ხელსაყრელი ქვეტექსტი მისცა. ჩვენ უნდა შევაფასოთ ჯეროვნად ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც შევიდნენ პარლამენტში. ოპოზიციის სამუშაო არის აკონტროლოს მთავრობა და არა იყოს გარეთ, არ დარჩეს პარლამენტს მიღმა.
ევროკავშირი გვერდით უდგას საქართველოს მოსახლეობას, ბრძოლაში სამართლიანი, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ყველა მკვიდრმა თავისი კონსტიტუციური უფლება გამოიყენოს და ხმა მისცეს ადგილობრივ არჩევნებში. ევროკავშირი გააკეთებს ყველაფერს, რაც მის შესაძლებლობებშია, რათა ჩვენმა დამკვირვებლებმა ადგილზე წვლილი შეიტანონ გამჭირვალე არჩევნების ჩატარებაში“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.