„მწერლობას და სამწერლო პროცესს არ სჭირდება ზემოდან დანიშნული იდეოლოგიური კურატორი“

ლიტერატურულ კონკურს „ლიტერასთან“ დაკავშირებით მწერალი ზვიად კვარაცხელია ავრცელებს სტატუსს და აღნიშნავს, რომ მწერლობას და სამწერლო პროცესს არ სჭირდება ზემოდან დანიშნული იდეოლოგიური კურატორი.
„ის, რომ მწერალი ვარ და წლების წინ რამდენიმე წიგნიც გამომიცია, ჩემთვის მეორეხარისხოვანი გახდა იმ დროიდან, რაც თანამედროვე ქართველი ავტორების აქტიური გამომცემელი გავხდი. ყოველთვის ვცდილობდი, ყველა თაობის უძვირფასეს და უმნიშვნელოვანეს ავტორებთან ურთიერთობას ჩემი მწერლობა არსაიდან შერეოდა, ვყოფილიყავი მხოლოდ მათი რედაქტორი, პოპულარიზატორი, მხარდამჭერი, ქომაგი ყველაზე რთულ სიტუაციებშიც.
მათ შორის იოსებ ჭუმბურიძისაც, რომლის წიგნიც წლების წინ გამოვეცით „ჩანაწერების” სერიით – მასთან ძალიან კარგი თანამშრომლობა მაკავშირებდა და ეს არც ახლა განელებულა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ძალიან წამგებიან როლს/პოზიციას დათანხმდა ამ შემთხვევაში. მწერლობას და სამწერლო პროცესს არ სჭირდება ზემოდან დანიშნული იდეოლოგიური კურატორი. ეს ყველა მთავრობას და ხელისუფლებას ადრე თუ გვიან მწარედ უბრუნდება ხოლმე.
ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია პრემია ყველა მწერლისთვის – წიგნის დაფასების, აღიარებისა და მატერიალური თვალსაზრისით, ამიტომ თავს არასდროს მივცემ უფლებას, ვინმეს რამე ვურჩიო ან მოვუწოდო, ან ჩემი, როგორც გამომცემლის პოზიცია გამოვიყენო ამისთვის. თანამედროვე ქართული მწერლობის პრობლემებს არავისზე ნაკლებად არ ვიცნობ, ამიტომ ვფიქრობ, რომ კატეგორიული ლაპარაკი არ მგონია სწორი იყოს.
ჩემი, როგორც ავტორის პოზიცია კი ეს არის – ვხსნი ჩემს წიგნს „დარეკე! დაუბარე!” პრემია „ლიტერადან”.
P. S. პრემია „ლიტერა” დაფუძნების დღიდან მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა ლიტერატურულ პროცესზე, და რაც მთავარია, აბსოლუტურად დაცლილი იყო იდეოლოგიური კონიუნქტურისგან. მგონია, რომ ეს ტრადიცია უნდა გაგრძელდეს“! – წერს ზვიად კვარაცხელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები