ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიცია აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ არჩევნების წინ პოლიტიკური პოლარიზაცია არათუ შემცირდეს, არამედ, პირიქით, უკიდურესად გაღრმავდეს
“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიებისთვის 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელის არმოწერა ერთგვარი თვითმიზანი იყო.
მისივე თქმით, ოპოზიცია აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ არჩევნების წინ პოლიტიკური პოლარიზაცია არათუ შემცირდეს, არამედ, პირიქით, უკიდურესად გაღრმავდეს.
“ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ რადიკალური ოპოზიციური პარტიებისთვის 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელის არმოწერა ერთგვარი თვითმიზანი იყო. მათ ამოძრავებდათ ერთადერთი მიზანი, დალოდებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და გაემეორებინათ პოლიტიკური საბოტაჟი, როგორც კი „ქართული ოცნება“ 43-პროცენტიან საარჩევნო ზღურბლს გადალახავდა. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ამ პარტიებმა თვეების მანძილზე არ აიღეს კარვები რუსთაველის გამზირიდან. ამასვე ადასტურებს ის ამორალური და აგრესიული კამპანიაც, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია მისივე კუთვნილი ტელევიზიების საშუალებით „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ დღემდე აწარმოებს. რადიკალური ოპოზიცია აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ არჩევნების წინ პოლიტიკური პოლარიზაცია არათუ შემცირდეს, არამედ, პირიქით, უკიდურესად გაღრმავდეს. 19 აპრილის შეთანხმების ცალკეული პუნქტებიც რადიკალური ოპოზიციის მიერ პოლარიზაციის შემდგომი გაღრმავებისთვის გამოიყენებოდა”, – განაცხადა კობახიძემ.