„მეცნიერებს სეისმურ მონაცემებს მხოლოდ კიმ ჩენ ინი და თეა გოდოლაძე უმალავენ“ – არჩილ კაიკაციშვილი გიგა ზედანიას მიმართავს
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, გიგა ზედანიას მიმართავს და მოუწოდებს, საქართველოში სეისმური ინფორმაციის ხელმისწვდომობაზე გადამჭრელი ზომები მიიღოს, სეისმური მონაცემების ღიაობაზე პასუხისმგებლობა აიღოს, ყველა მეცნიერს და დაინტერესებულ პირს ამ მონაცემების თავისუფალ წვდომაზე მისცეს საშუალება. ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების” ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, მიწისძვრის სრული კატალოგები (მცირე მაგნიტუდის მიწისძვრის ჩათვლით) ყველა ქვეყანაში ღიაა, გარდა ისეთი მმართველობის მქონე ქვეყნებისა, როგორიც ჩრდილოეთ კორეა და რუსეთია, ინფორმაციის გაუმჭვირვალობა და ხელმისწავდომობაზე არსებული ბარიერები კი, საქართველოს მათ რიცხვში ამყოფებს.
როგორც არჩილ კაიკაციშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საკითხი ქვეყნის სეისმურ მონაცემებს შეეხება, რომელსაც დღემდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ფლობს და ამუშავებს.
„ირკვევა, რომ დაწესებულება უარს ამბობს, მეცნიერებისთვის ხელმისწავდომი გახადოს სეისმური მონაცემები და განმარტებულია, რომ მეცნიერები აღნიშნულ მონაცემებს იღებენ საერთაშორისო ბაზებიდან, სადაც მაგნიტუდა 3-ის ზემოთ საქართველოს ტერიტორიისთვის მწირი მონაცემებია განთავსებული. ორგანიზაცია საკითხის შესწავლით დაინტერესდა და სხვადასხვა უწყებიდან ინფორმაცია გამოითხოვა: აქვს, თუ არა სახელმწიფოს სეისმური უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და ერთიანი ხედვა. ამასთან, რამდენად ხელმისწავდომია, ან ღია უნდა იყოს სეისმური მონაცემები დაინტერესებული პირებისთვის, მეტადრე სფეროს კვლევით დაინტერესებული მეცნიერებისთვის, რომელთა პრეტენზიები სეისმური მონაცემების ხელმისწავდომობაზე სამართლიანია.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც წარმატებული საგანმანათლებლო და მეცნიერული ცენტრი საქართველოში, არ უნდა დაემსგავსოს კიმ ჩენ ინის ჩრდილოეთ კორეას“ – განაცხადა კაიკაციშვილმა.
მისივე თქმით, ორგანიზაციამ საკითხის შესწავლის ფარგლებში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას წერილით მიმართა და მოისმინა ოფიციალური პოზიცია საკითხზე, თუ ვის ეკუთვნის სეისმური მონაცემები საქართველოში.
„აკადემიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილება მიიჩნევს, რომ მ. ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის მოთხოვნა მისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის
შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრში დაცული ე.წ. საწყისს მონაცემთა ბაზაზე ხელმისწვდომობასთან დაკავშირებით სამართლიანია. ამავდროულად,
როგორც ირკვევა, ილიას უნივერსიტეტის შესაბამისი ერთეულის ხელმძღვანელი, თეა გოდოლაძე, კვლავ კატეგორიულ უარს აცხადებს ამ მონაცემების გადაცემაზე.
მსოფლიოს უამრავი ქვეყნის პრაქტიკის შესწავლის შემდეგ, სამწუხაროდ დასკვნამდე მივდივართ, – სეისმური ცენტრის დირექტორის ქმედებების გამო, საქართველო ჩრდილოეთ კორეას ემსგავსება. სეისმურ მონაცემებს მეცნიერებს მხოლოდ კიმ ჩენ ინი და თეა გოდოლაძე უმალავენ.
მოცემულობა ასეთია, რომ მეცნიერებათა აკადემიას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, ასეთ შემთხვევაში რაიმე დირექტიული გადაწყვეტილების მისაღებად და საკითხზე მიუკერძოებელი დაობიექტური კომისიის შექმნა შეუძლებელია, ვინაიდან საქართველოში ამ დარგის ყველა სპეციალისტი წარმოადგენს ან ერთ, ან მეორე მხარეს, კომისიის მუშაობა კი კვლავ უსაშველო დავად გადაიქცევა“ – განაცხადა კაიკაციშვილმა.
მისივე თქმით, საკითხზე გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, სასამართლომ უნდა მიიღოს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აგრძელებს საკითხზე ადვოკატირებას. ორგანიზაციამ უკვე მიმართა საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტსა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრს, ნ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტს. შესაბამისად, ორგანიზაცია გამოთქვამს მზადყოფნას საკითხი დასვას, მათ შორის საერთო სასამართლოების გზით, თუკი სეისმური მონაცემების ხელმისწავდომობის საკითხი მხარეთა ურთიერთშეთანხმებით არ გადაწყდება“, – განაცხადა კაიკაციშვილმა.