ირაკლი კოვზანაძე: კომიტეტის კარი ღიაა – მზად ვართ განვიხილოთ ყველა საკითხი, რაც ხელს შეუწყობს საფინანსო სექტორში კონკურენციის ზრდას და ამ სფეროს კიდევ უფრო გაჯანსაღებას
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტს ალექსანდრე ძნელაძეს და აღმასრულებელ დირექტორს გიორგი ბაგრატიონს შეხვდა, პარლამენტის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს, როგორც საბანკო ისე მთლიანად საფინანსო სფეროში არსებული მდგომარეობა, მიღწევები და გამოწვევები.
ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, რომ კომიტეტი ყოველთვის მხარს დაუჭერს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს საფინანსო სექტორის მდგრადობის უზრუნველყოფას, ლიკვიდობის ზრდას, კონკურენციის შენარჩუნებას, მომხმარებელთა უფლებების დაცვას და ახალი საბანკო და საფინანსო პროდუქტების დანერგვას. „კომიტეტის კარი ღიაა ნებისმიერი კომერციული ბანკის, სადაზღვევო კომპანიის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თუ სხვა საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენლებისთვის, მზად ვართ სამუშაო ფორმატში განვიხილოთ ყველა საკითხი, რაც ხელს შეუწყობს ამ სფეროს კიდევ უფრო ზრდას და გაჯანსაღებას”- აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ რეფორმების მნიშვნელობას, რომელშიც კომიტეტმა წამყვანი როლი ითამაშა და რომელმაც საფინანსო სექტორის მდგრადობა განაპირობა. მათ შორის, დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, საპენსიო რეფორმა, კომერციული ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს შემოღება, კანონი „საინვესტიციო ფონდების” შესახებ და არაპროფილური აქტივების გამიჯვნა. საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს თანამშრომლობისთვის.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც რეგულარულად გაგრძელდება.