გიორგი გახარია ბათუმში მეზღვაურებს შეხვდა

პარტია „საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია ბათუმში მეზღვაურებს შეხვდა.

პარტიის ინფორმაციით, გიორგი გახარიასთან ერთად ღონისძიებას პარტია “საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი კონსტანტინე ანანიაშვილი და აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირაკლი მიქელაძე ესწრებოდნენ.

“შეხვედრაზე გიორგი გახარიამ მეზღვაურებს  პარტიის პროგრამული ხედვა ზღვისპირა და საპორტო ქალაქებში საზღვაო-სანაოსნო სექტორის განვითარების მიმართულებით გააცნო.

“პარტიის ლიდერმა ისაუბრა  შავი ზღვის როლზე და ამ მიმართულებით საქართველო-ევროკავშირის კავშირების (connectivity) განვითარებაზე, პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერებაზე და ასოცირების შეთანხმების პოტენციური სარგებლის მატერიალიზებაზე, მათ შორის, პრაქტიკული ინსტრუმენტის საბორნე მიმოსვლის დანერგვაზე.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა მეზღვაურების ხარისხიანი განათლების მიღების ხელშეწყობას, რაც პარტია “საქართველოსთვის” პროგრამული ხედვის მიხედვით ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.  ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა ფოთის საზღვაო აკადემიის მნიშვნელობას, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობისთვის სათანადო განათლების მიღებას. ასევე, საუბარი შეეხო თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვას, მ.შ. 3 წლიანი საბაკალავრო მომზადების პროგრამის, რომელიც შეესაბამება ბრიტანულ სტანდარტს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აუცილებელია მეზღვაურთა შრომის კოდექსის შემუშავება,  რადგან მოქმედი შრომის კოდექსი ვერ აკმაყოფილებს გემზე მსახურების მინიმალური ასაკის, სამუშაო პირობების მოთხოვნების თანამედროვე სტანდარტებს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჩვენი ქვეყნის, როგორც ლოგისტიკური ჰაბის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ საჭიროა მძლავრი  საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც  მეზღვაურთა დასაქმების ხელშეწყობის ერთ-ერთი დამატებითი  შესაძლებლობა  იქნება, ასევე, ყურადღება გამახვილდა ანაკლიიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის აუცილებლობაზე, მათ შორის, იმის გათვალისწინებით, რომ პორტის ოპერირების პროცესშიც დასაქმდებიან ადგილობრივი სპეციალისტები”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები