ევროპის წამლების სააგენტომ „მოდერნას“ მიერ წარმოებული ვაქცინის 12-17 წლის ასაკის მოზარდებში გამოყენება დაამტკიცა

ევროპის წამლების სააგენტომ (EMA) ევროკავშირში, 12-17 წლის ასაკობრივ ჯგუფში „მოდერნას“ (ამჟამად Spikevax) მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა.

ვაქცინა ევროკავშირში უკვე ავტორიზებულია 18 წლის და შემდგომი ასაკის პირთა ასაცრელად. ევროკავშირის მედიკამენტების მარეგულირებელი ორგანოს განმარტებით, მოზარდთა ასაკობრივ ჯგუფშიც სტანდარტულად მოხდება ვაქცინის გამოყენება – ორი დოზა 4 კვირის ინტერვალით. EMA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კვლევაში 12-17 წლის ასაკის 3 732 პირი მონაწილეობდა.

მათგან, ვინც ვაქცინა მიიღო, კორონავირუსი არცერთს დაუდასტურდა, ხოლო ვისაც პლაცებო გაუკეთეს, 4 პირი დაინფიცირდა. შედეგად, მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ „მოდერნას“ ვაქცინა მოზარდებშიც ისევე ეფექტურია, როგორც ზრდასრულებში. რაც შეეხება გვერდით ეფექტებს, აქაც ისეთივე ჩივილებს ჰქონდა ადგილი, როგორც ზრდასრულებში, მაგალითად: ტკივილი ინექციის ადგილას, დაღლილობა, თავის და კუნთების ტკივილი, სიცხე და ა.შ. EMA-ს ინფორმაციით, ეს გვერდითი ეფექტები მსუბუქი ან საშუალო ხასიათისაა და ვაქცინაციიდან რამდენიმე დღეში გადის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები