ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიადა ოფიციალურად გაიხსნა

ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიადა ოფიციალურად გაიხსნა. წლევანდელ სანახაობაზე მინიმალისტურ სტილზე გაკეთდა აქცენტი, რაც ნაკლებ მონაწილეს და მეტ დისტანციას გულისხმობს.

გახსნის ცერემონიას 1000-მდე ადამიანი, ძირითადად დელეგაციების წარმომადგენლები და ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. გახსნის ცერემონიაზე, ტრადიციისამებრ ჰიმნების თანხლებით აღმართეს მასპინძელი ქვეყნის, ამ შემთხვევაში იაპონიისა და ოლიმპიური მოძრაობის დროშები.

წლევანდელ ცერემონიაზე განსაკუთრებით გამოკვეთილი პატივი ხვდათ წილად ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებს და იმ სპორტსმენებს, რომლებმაც პანდემიასთან ბრძოლაში წვლილი შეიტანეს. მოედანზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებიც პანდემიას ემსხვერპლნენ, ასევე მათ, ვინც ოლიმპიური ოჯახის ნაწილი იყვნენ.

მოედანზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა ეროვნული დროშები გამოიტანეს. ასევე შესრულდა ჯონ ლენონის სიმღერა „იმეჯინ“, ჰანს ზიმერის არანჟირებით. ერთ-ერთი შთამბეჭდავი სანახაობა იყო დრონების ინსტალაცია, რომლებმაც ეროვნული სტადიონის თავზე დედამიწა გამოსახეს.

საზოგადოებას სიტყვით მიმართეს იაპონიის იმპერატორმა ნარუჰიტომ, ასევე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა და ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ.

ვიდრე საბოლოოდ დაიდებდა ბინას, ოლიმპიურმა ჩირაღდანმა 2000-ზე მეტი ადამიანის ხელში გაიარა. მოედანზე მისი დანთების პატივი ცნობილ იაპონელ ჩოგბურთელს ნაომი ოსაკას ერგო. ოფიციალური ცერემონია ოთხ საათს გაგრძელდა. წელს ოლიმპიადას სპორტის ხუთი ახალი სახეობა დაემატება. თამაშები 8 აგვისტოს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები