რუსი ჟურნალისტის მტკიცებით, მას საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა
რუსი ჟურნალისტის, ილია აზარის მტკიცებით, ის საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად აზარი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
აზარი აქვეყნებს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც საქართველოში შესვლაზე უარი ეთქვა „საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მიზეზების გამო“. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ჟურნალისტი საქართველოში თურქეთიდან მოფრინავდა.
„ჯერ პერსონა ნონ გრატა გავხდი აზერბაიჯანში, ყარაბაღიდან რეპორტაჟის გამო, ახლახან იმავე ყარაბაღის შესახებ სტატიის გამო არ შემიშვეს სომხეთში, ამიკრძალეს მუშაობა არჩევნებზეც კი. დღეს კი, ახსნა-განმარტების გარეშე, არ შემიშვეს საქართველოში. ჩამსვეს ძალით თვითმფრინავში, რომლითაც დავბრუნდი, ვზივარ ახლა სევდიანი“, – წერს ჟურნალისტი.
ტელეკომპანია „დოჟდის“ ცნობით, ილია აზარმა 2020 წელს „ნოვაია გაზეტასთვის“ რეპორტაჟი მოამზადა აფხაზეთიდან. დაკავშირებულია თუ არა საქართველოში შესვლის აკრძალვა ამ პუბლიკაციასთან, ჯერ უცნობია.