ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომა გაიმართა
პარლამეტში ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც „საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების შესახებ ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების” საკითხზე იმსჯელეს.
პარლამენტის ინფორმაციით, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის გივი მიქანაძის ინფორმაციით, საკითხი „საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების შესახებ ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება” ღია პარლამენტის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმაში შესატან ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს და იგი ინიცირებული იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „გამჭვირვალობა საქართველოს” მიერ.
საპარლამენტო საბჭომ აღნიშნული ვალდებულების შეთანხმებულ ვარიანტს ერთხმად დაუჭირა მხარი და იგი დასამტკიცებლად პარლამენტის ბიუროს წარედგინება. ღია პარლამენტის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ფარგლებში, სამუშაო ჯგუფები შეიქმნება. შესაბამისად, სხდომაზე განსაზღვრეს სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად, გეგმით წარმოდგენილ მიმართულებებზე პასუხისმგებელი პირები, რომლებიც ხელმძღვანელობას გაუწევენ დაგეგმილ აქტივობებს შემდეგი მიმართულებით: პარლამენტის მიერ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობა და მონიტორინგი; პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობის გაუმჯობესება; ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება; მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა; პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდა; საპარლამენტო ღიაობის გაუმჯობესება; საკანონმდებლო პროცესის ხელშეწყობა და გაუმჯობესება.