„თუ ვაქცინირებულს კოვიდი დაგემართებათ, თქვენს ორგანიზმში ვირუსის რაოდენობა ძალიან მცირე იქნება, სხვისთვის ნაკლებად საშიში იქნებით” – ზაზა წერეთელი

“როცა თქვენ ვაქცინირებული ხართ და კორონავირუსი მაინც დაგემართათ, თქვენს ორგანიზმში ვირუსის რაოდენობა ძალიან მცირე იქნება, შესაბამისად, გადამდებობის თვალსაზრისით სხვისთვის ნაკლებად საშიში ხართ”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა, „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სამუშაო ჯგუფების წევრმა, მედიცინის დოქტორმა, ზაზა წერეთელმა განაცხადა.

წერეთელმა ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება შეაფასა და ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

დავიწყოთ იმით, რომ ვაქცინების ეფექტიანობაზე როცა ვსაუბრობთ, 100%-იან ეფექტიანობაზე არაა საუბარი. ამ მომენტისთვის არცერთი კოვიდვაქცინა არ არსებობს, რომელიც 100 %-ით გეტყვით, რომ კოვიდი არ შეგხვდებათ. მაგრამ, ძალიან დიდი ალბათობით, 94-96 %-ით, ეს ვაქცინა დაგიცავთ იმისგან, რომ ვირუსის სიმპტომები შეიძლება, გამოხატული საერთოდ არ იყოს, ვერც გაიგოთ, რომ ვირუსი შეგხვდათ, ასევე, ვაქცინები გეხმარებათ იმაში, რომ თქვენი მდგომარეობა არ დამძიმდეს და ცუდი შედეგით არ დამთავრდეს.
როცა თქვენ ვაქცინირებული ხართ და მაინც დაგემართა კორონავირუსი, თქვენს ორგანიზმში ვირუსის რაოდენობა ძალიან მცირეა, რადგან ანტისხეულები ვირუსს ებრძვიან, შესაბამისად, სხვისთვის გადამდებობის თვალსაზრისით ნაკლებად საშიში ხართ. თქვენი აცრით არა მარტო საკუთარ თავს იცავთ, არამედ თქვენ გვერდით მყოფებსაც იცავთ, მათ ნაკლებ ვირუსს გადასცემთ“, – განაცხადა წერეთელმა.
მანვე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს.

იმ ტემპს, რომლითაც საქართველოში ვაქცინაცია ტარდება, ტემპი არ შეიძლება, ეწოდოს, ეს ძალიან დაბალია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რა სიტუაციაშია ქვეყანა. ახლა სახეზე ,,დელტა შტამი,, გვაქვს, რომელიც უსწრაფესად ვრცელდება. ეს შტამი იქაც კი დომინანტური გახდა, სადაც მოსახლეობის 50-60 % იყო აცრილი. დღეში 7-8 ათასი ადამიანის ვაქცინაცია, ეს ჩვეულებრივი რუტინული ვაქცინაციაა და ამას არ შეიძლება, მასობრივი ვაქცინაცია ეწოდოს, როგორც ამას ვარაუდობდნენ. ძალიან უნდა ეცადოს ქვეყანა, რომ ვაქცინირებულების რიცხვი მაქსიმალურად გაზარდოს, ამას ისიც სჭირდება, რომ ვაქცინების დიდი რაოდენობა იყოს ქვეყანაში. ქვეყანას ვაქცინების ისეთი რაოდენობა უნდა ჰქონდეს, რომ ყოველდღიურად 20 000-25 000 ადამიანის აცრა მოახერხოს.
უპირველეს ყოვლისა, საინფორმაციო კამპანია არ ჩატარებულა. მოსახლეობასთან არ იყო მუშაობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მუშაობს ეს ვაქცინები. ძალიან ბევრი ადამიანია საქართველოში, რომელიც თავს ჯერ კიდევ იკავებს და უამრავ არაზუსტ ინფორმაციას იღებს. საქართველოში ანტივაქსერული მოძრაობა ძალიან ძლიერია.
მეორე ფაქტორი – იმის გამო, რომ ვაქცინების შემოსვლაში წყვეტა იყო, ხან შემოდიოდა, ხან არ შემოდიოდა, ბევრ ადამიანს, რომელიც ორჭოფობდა, შეიძლება, აცრის სურვილი გაუქრა, ვთქვათ, ერთხელ, ორჯერ სცადა და ვერ მოახერხა და ამის შემდეგ შეიძლება, ხელი ჩაიქნია.
მესამე – საინტერესოა, როგორ ხდება რეგიონებში აცრები. რეგიონის მოსახლეობა იცრება, არ იცრება, მიეწოდათ ინფორმაცია თუ არ მიეწოდათ, ესეც პრობლემური საკითხია. არის სოფლები, დაბები, სადაც ელექტრონულად ვერ დარეგისტრირდებიან. სოფლის ექიმიც ან არის, ან არა. ეს ხალხი როგორ უნდა აიცრას, ეს ძალიან საინტერესოა. ეს სისტემა, ალბათ, გასამართია“, – განაცხადა ზაზა წერეთელმა.
მისივე თქმით, ვირუსის დასამარცხებლად მხოლოდ ვაქინაცია საკმარისი არაა.

„მოსახლეობამ უნდა დაიცვას წესები, მარტო ვაქცინაცია ამ საქმეს არ უშველის. მარტო ვაქცინა არ არის გამოსავალი, გამოსავალი სხვა რაღაცების დაცვაა, რაც საქართველოში არ კეთდება.
ვფიქრობ, საქართველომ შეზღუდვები იმის გამო მოხსნა, რომ ტურისტული სეზონია და ტურისტები უნდა შემოსულიყვნენ. მაგრამ აქაც ისე შეიძლება მოქცევა, როგორც სხვა ქვეყნები მოიქცნენ. პირველ ყოვლისა, ტურისტები არ უნდა შემოეშვათ იმ ქვეყნებიდან, სადაც ვიცით, რომ ,,დელტა შტამის,, აფეთქებაა. მაგალითად, ყველამ ვიცით, რომ რუსეთში ,,დელტა შტამის,, აფეთქებაა და ვაქცინაციის პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს. კარგი იქნებოდა, რომ შეგვეზღუდა მათი შემოსვლა, გვეთქვა, დიდი ბოდიში, თქვენს ქვეყანაში ,,აფეთქებაა,, და ვერ შემოგიშვებთო.
მოსახლოებამ უნდა დაინახოს, რომ შემთხვებების რაოდენობა რადგანაც ასე იმატებს, ეს ძალიან დიდი საშიშროებაა. მეორეც: სახელმწიფომ უნდა ახსნას, რომ პრობლემა არის არა მარტო ვირუსის შეხვედრა, ასევე, ძალიან დიდი პრობლემა პოსტკოვიდური სიმპტომებია. უკვე დაადგინეს, რომ ვინც ვირუსი გადაიტანა, მათ 70 % – ზე მეტს 6 თვე და მეტი რაღაც სიმპტომები რჩება, რომელიც მის შრომისუნარიანობას აქვეითებს. ჩვენს ქვეყანაში შეიძლება, პრობლემა იყოს არა მარტო ის, რომ დაავადებული ხალხი გვყავს, ჩვენთვის პრობლემა შეიძლება, იყოს ისიც, რომ შრომისუნარიანი ხალხის რაოდენობა შემცირდება“, – განაცხადა ზაზა წერეთელმა.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 261 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 18 ადამიანი კი გარდაიცვალა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები