30 ივლისსა და 4 აგვისტოს სენაკისა და ახალციხის საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობა აიკრძალება
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი 30 ივლისსა და 4 აგვისტოს სენაკისა და ახალციხის საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობის აკრძალვის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
დეპარტამენტის ინფორმაციით, 30 ივლისს, 09:00 საათიდან 10-15 წუთით თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 290-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, მიმდინარეობს მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit – 2021“, რომლის საშტაბო კომპონენტი ტარდება სენაკში მდებარე მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, ხოლო, საველე სწავლება ახალციხის მუნიციპალიტეტში მდებარე ორფოლოს პოლიგონზე. სწავლების ფარგლებში, ზემოაღნიშნულ ლოკაციებზე დაგეგმილია მარათონის ჩატარება და საჭიროა საავტომობილო გზის ჩაკეტვა. კერძოდ, 2021 წლის 30 ივლისს, 09:00 საათიდან 10-15 წუთით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 290-ე კმ-ზე (ქ. სენაკი) იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – აცხადებენ დეპარტამენტში.
ამასთან, 4 აგვისტოს, 09:00 საათიდან 10-15 წუთით ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება ახალციხე-ნინოწმინდას კმ1-კმ5 მონაკვეთზე და ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ75-კმ76 მონაკვეთზე.
„4 აგვისტოს, 09:00 საათიდან 10-15 წუთით, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდას კმ1-კმ5 მონაკვეთზე (ქ. ახალციხე – სოფ. მინაძე) და საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ75-კმ76 მონაკვეთზე (ქ. ახალციხე) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება“, – აცხადებენ დეპარტამენტში.