პროკურატურამ ქართველი ემიგრანტების ფეისბუქ გვერდებზე უნებართვო შეღწევების და თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, ქართველი ემიგრანტების „ფეისბუქ“ გვერდებზე უნებართვო შეღწევების და თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, წინასწარ შეისწავლეს ამერიკის შეერთებეულ შტატებში და სხვა ქვეყნებში მყოფი ქართველების „ფეისბუქ“ გვერდების შესახებ ინფორმაცია, შექმნეს არავერიფიცირებული ონლაინ-კაზინო და ტოტალიზატორების ანგარიშები, გაუწიეს მობილიზება იმ პირებს რომლთა სახელზეც გაკეთდებოდა სწრაფი გზავნილები და დარიცხავდნენ დანაშაულებრივად მოპოვებულ თანხებს.
პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული პირობების შექმნის შემდგომ ბრალდებულებმა უცხოეთში სამუშაოდ მყოფი, საქართველოს 7 მოქალაქის „ფეისბუქ“ გვერდებზე უნებართვოდ შეაღწიეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მათი სახელით დაუკავშირდნენ როგორც საზღვარგარეთ სამუშაოდ მყოფ, ასევე, საქართველოში მცხოვრებ მათსავე მეგობრებს, რომლებსაც ონლაინ-კაზინოსა და სწრაფი გზავნილის ანგარიშებზე სხვადასხვა ოდენობის თანხები მოტყუებით ჩაარიცხინეს.
ბრალდებულები, თაღლითური გზით, 14 დაზარალებულის კუთვნილ 10 500 ლარს დაეუფლნენ. სამართალდამცველებმა 5 პირი 20 ივლისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ( წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.